არჩილ თალაკვაძე - საზოგადოებას მივეცით პირობა, რომ მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმები სამართლიანად იქნება გაწერილი
მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებზე პარლამენტმა კანონპროექტი ერთხმად მიიღო. მზად ვართ, მეორე მოსმენისთვის ვენეციის კომისიის დასკვნას დაველოდოთ
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებზე პარლამენტმა „ქართული ოცნების“ კანონპროექტი ერთხმად მიიღო. ახლა მეორე მოსმენისთვის მზად ვართ, ვენეციის კომისიის დასკვნას დაველოდოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, კანონპროექტში არ არის საუბარი, რომელიღაც კონკრეტულ მოსამართლეზე, არამედ შესრულებულია პირობა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას მისცა.
„ჩვენ საზოგადოებას მივეცით პირობა, რომ სამართლიანად იქნებოდა გაწერილი კრიტერიუმები. აქ არის ოთხი ძირითადი პრინციპი: პირველი – მონაწილეობა არის გახსნილი ყველასთვის, და არა მხოლოდ სასამართლოს შიგნით მომუშავე ადამიანებისთვის. მეორე – სიის ფორმირების პროცესი საბჭოში გამჭვირვალეა, ხოლო შედეგები საჯაროა. მესამე – ყველა კანდიდატთან, ამერიკის კონგრესის სტანდარტით მოხდება გასაუბრება კომიტეტის ფორმატში. მეოთხე – თითოეულ კანდიდატურას პარლამენტი უყრის კენჭს სათითაოდ. მზად ვართ, ვენეციის კომისიის დასკვნას დაველოდოთ მეორე მოსმენისთვის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.