არჩილ თალაკვაძე - საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა ხვალ ბიუროს შემდეგ გაიხსნება
საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომის შემდეგ ხვალ 12:00 საათზე საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა გაიხსნება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
„პრემიერ-მინისტრის განცხადება მის გადადგომასთან დაკავშირებით უკვე გასაჯაროვდა. კონსტიტუციითა და კანონმდებლობით, ამის თანმდევი პროცესი უკვე არის პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატისა და მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის დასახელება, რომელიც შემდეგაც კანდიდატურები განხილული უნდა იყოს საპარლამენტო კომიტეტებისა და ფრაქციებთან შეხვედრების ფორმატში. შესაბამისად, მიმდინარე სასესიო კვირა, როგორც ის იყო დაგეგმილი პლენარული სხდომების თვალსაზრისით, შეიცვლება და ამ კვირაში ჩავატარებთ საკომიტეტო მოსმენებს, ჩავატარებთ ფრაქციებთან შეხვედრებს. შემდგომში უკვე გვექნება პლენარული სხდომა, რომელიც დაეთმობა პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის მიმართ ნდობის გამოცხადებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს განცხადება გაავრცელა, რომ თანამდებობას ტოვებს. მან „ფეისბუქზე“ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს: „ჩემთვის იყო დიდი პატივი და, ამავდროულად, დიდი პასუსიხსმგებლობა, მემსახურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. მე ვიყავი და ვიქნები „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი. მსურს, მადლობა გადავუხადო ჩემს წინამორბედებს და წარმატება ვუსურვო მომავალ პრემიერ-მინისტრს“.