არჩილ თალაკვაძე - საქართველოს, როგორც აზერბაიჯანის და სომხეთის მიმართ მეგობრული ქვეყნის სურვილია, სტაბილურობა, უსაფრთხოება და მშვიდობა მაქსიმალურად იყოს დაცული
საქართველოს, როგორც აზერბაიჯანის და სომხეთის მიმართ მეგობრული ერისა და ქვეყნის ამოცანა და სურვილია, რომ სტაბილურობა, უსაფრთხოება და მშვიდობა მაქსიმალურად იყოს დაცული, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებულ ვითარებას.
მისი თქმით, საქართველო აღნიშნულ პროცესს ყურადღებით ადევნებს თვალს.
„მოგეხსენებათ, რომ ჩვენი რეგიონი არის გამოწვევებით სავსე. სამწუხაროდ, რუსეთის პოლიტიკა საუკუნეების განმავლობაში რჩება დესტრუქციული და რეგიონში არაერთი მიმდინარე კონფლიქტი არსებობს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, რა თქმა უნდა აქ ჩვენი, საქართველოს, როგორც აზერბაიჯანის და სომხეთის მიმართ მეგობრული ერისა და ქვეყნის ამოცანა და სურვილია, რომ სტაბილურობა, უსაფრთხოება და მშვიდობა მაქსიმალურად იყოს დაცული. ამიტომ, რა თქმა უნდა ყურადღებით ვადევნებთ თვალს ამ პროცესს და იმედი გვაქვს, რომ ეს ესკალაციები დარეგულირდება და რეგიონში იქნება მშვიდი და უსაფრთხო გარემო“, – განაცხადა თალაკვაძემ.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი. მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების მხრიდან. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის არმიამ კონტრშეტევა დაიწყო.სომხეთში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის მხრიდან დაწყებულია შეტევა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ სომეხმა სამხედროებმა ორი აზერბაიჯანული ვერტმფრენი და
უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მათივე ცნობით, სროლის ხმა ისმის სტეპანაკერტშიც.
ამასთან, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანულმა მხარემ მთიან ყარაბაღში დაშორიშორების ხაზთან სარაკეტო დარტყმები მიიტანა.