არჩილ თალაკვაძე - საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, დროა, ევროკავშირმა მიიღოს გადაწყვეტილება, ნებისმიერი გადავადება ზრდის რისკფაქტორებს რეგიონში და აზიანებს ჩვენს საერთო პოზიციებს
საკუთარი ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია ის, რასაც ოპოზიცია ითხოვს. ისინი ხელისუფლებას გვთხოვენ, დავასანქციროთ ჩვენი მოქალაქეები. ჩვენ არ ვაპირებთ ასეთი გადაწყვეტილების მიღებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველო-რუსეთს შორის ფრენების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
ამასთან, თალაკვაძის თქმით, საქართველო, პარტნიორებთან კოორდინაციით, მშვიდად განაგრძობს თავისი უსაფრთხოების დაცვას.
„დღეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ რთულ რეგიონში, სადაც ისედაც არაერთი გამოწვევაა და ახლა რთული ომი მიმდინარეობს, შევინარჩუნოთ მშვიდობა, უსაფრთხოება, დავიცვათ ეკონომიკა და რადიკალურ ოპოზიციას თუ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ არაკეთილგანწყობილ ძალებს არ მივცეთ საშუალება, რომ რაიმე პროვიკაცია განახორციელონ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. თავის დროზე რუსეთმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, როცა სანქციები დაუწესა ჩვენს მოქალაქეებს, ახლაც ცალმხრივად ეს გადაწყვეტილება მიიღო რუსეთის ფედერაციამ. სპეკულაციებია, თითქოს ჩვენ რაიმე მონაწილეობა მივიღეთ ამ გადაწყვეტილების შემუშავებაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
გარდა ამისა, არჩილ თალაკვაძის განმარტებით, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და მნიშვნელოვანია, დროული გადაწყვეტილება იყოს მიღებული ევროკავშირის მხრიდან. თალაკვაძე ამბობს, რომ ნებისმიერი გადავადება ზრდის რისკფაქტორებს რეგიონში და აზიანებს საერთო პოზიციებს.
„ესაა სიგნალი ევროპელი პოლიტიკოსების მიმართ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში გადავადებასთან დაკავშირებით, ზრდის რისკფაქტორებს და გამოწვევებს საქართველოსთვის, ააქტიურებს რუსეთის ფედერაციის აქტივობებს. მნიშვნელოვანია, პასუხისმგებლიანი და დროული გადაწყვეტილება იყოს მიღებული ევროკავშირის მხრიდან, საქართველოს სჭირდება კანდიდატის სტატუსი, იმსახურებს ამ სტატუსს, ისევე როგორც ევროპას სჭირდება საქართველო რეგიონში ძლიერ და სტაბილურ პარტნიორად. ეს პასუხისმგებლობა საქართველომ არაერთხელ დაადასტურა, ახლა დროა, ევროკავშირმა მიიღოს გადაწყვეტილება. ნებისმიერი გადავადება ზრდის რისკფაქტორებს რეგიონში და აზიანებს ჩვენს საერთო პოზიციებს“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.