არჩილ თალაკვაძე - საქართველო გახდება ევროპული ოჯახის წევრი და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, არავის მივცემთ საშუალებას, ძირი გამოუთხაროს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს
საზოგადოებამ იცის, რომ საქართველოს ევროპის საბჭოსთან ძალიან კარგი თანამშრომლობა აქვს, ჩვენი ქვეყნის დელეგაცია ყოველთვის აქტიურია და სესიაზე ვმონაწილეობთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების განხილვაში, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომელიც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მათთვის ძალიან საინტერესოა, „რა პოზიციები აქვთ პარტნიორ ქვეყნებს და პარლამენტარებს ევროპიდან იმ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, რომლებიც უკავშირდება ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას, უკრაინაში მიმდინარე ომს“.
„ამ დღეებს ვიყენებთ იმისთვის, რომ პარტნიორებს შევხვდეთ, მათთან ინფორმაცია გავცვალოთ და მივაწოდოთ კიდევ უფრო ფაქტობრივი მონაცემები, თუ როგორ მიდის საქართველოში რეფორმები დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით.
მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს რეიკიავიკის სამიტთან დაკავშირებით. ამ სესიას ძალიან საინტერესო დღის წესრიგი აქვს. კერძოდ, სტრასბურგის სასამართლოსთან დაკავშირებით იქნება მნიშვნელოვანი პოლიტიკური დისკუსია და დებატები, ასევე მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ. იქნება უკრაინის ომთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.
ბუნებრივია, იქნება სხვა მიმდინარე თემები, რომლებიც ევროპას აწუხებს და ამ დღის წესრიგის ნაწილიც საქართველოც არის. საერთო ჯამში, ჩვენ ყოველ სესიაზე გვაქვს დამატებითი ინფორმაცია ჩვენი პარტნიორებისთვის და მათი ინტერესიც არსებობს საქართველოს მიმართ, იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც დასავლეთის ყველაზე საინტერესო პარტნიორია რეგიონში. მით უმეტეს, ახლა, როცა რეგიონში ასეთი რთული ვითარებაა. საქართველოს მთავრობა და პარლამენტი თანმიმდევრულად მუშაობენ ევრორეკომენდაციების შესრულებაზე. პრაქტიკულად, ორი რეკომენდაცია დარჩა, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ კიდევ გვაქვს სამუშაო პარლამენტში. უკვე საქართველო მზად იქნება, რომ ერთიანობაში წარადგინოს ევრორეკომენდაციების შესრულების სამუშაო ისე, რომ ევროკავშირს ჰქონდეს სრული შესაძლებლობა და საფუძველი, რომ მიიღოს ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც საქართველო იმსახურებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, გასულ თვეებში ევროკომისიის მიერ მომზადებულმა ანგარიშმა დაადასტურა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე უკვე აქვს რეალური პროგრესი.
„ბუნებრივია, შემდეგი თვეების განმავლობაში კიდევ უფრო მეტ პროგრესს ვაჩვენებთ იმისთვის, რათა გამოირიცხოს ჩვენი მხრიდან რაიმე კითხვის ნიშანი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ერთი მხრივ, სამუშაოს ჩვენ შევასრულებთ, თუმცა მეორე მხარეს ევროკავშირმა უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც საერთო კონტექსტის გათვალისწინებით იქნება მიღებული. ჩვენი ოპონენტების მხრიდან როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ ბევრი მცდელობაა, რომ როგორმე შეაფერხონ და დაბლოკონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა. ვიცით, რომ ეს უკავშირდება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებს, სადაც ოპოზიცია პირდაპირ გამოთქვამს წუხილებს და „დახმარებას“ სთხოვს ევროპელ პარტნიორებს, რომ როგორმე საქართველოს არჩევნებამდე კანდიდატის სტატუსი არ მისცენ. ამაზე აქვთ მთელი რიგი არგუმენტები, თუმცა ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ, მათ შორის, პარლამენტში ყოფილიყო მრავალფეროვანი ოპოზიციური სპექტრი, ოპოზიციას ჰქონოდა ლეგალური დაფინანსება ბიუჯეტიდან, ჰქონოდა წვდომა მედიაზე და რეალური ოპონირების შესაძლებლობა. მეორეა ის, ეს რისთვის გამოიყენეს და რისთვის იყენებენ. როგორც ვხედავთ, აქტიურად იყენებენ ოპოზიციურ როლს იმისთვის, რომ დაბლოკონ საქართველისთვის კანდიდატის მიცემა, შემდეგ ამაში დაადანაშაულონ ხელისუფლება და ეს როგორმე გამოიყენონ არჩევნებში რაღაც ენერგიის მისაღებად.
რასაკვირველია, ჩვენ მოთმინებით და თანმიმდევრულად განვაგრძობთ იმ სამუშაოს შესრულებას, რაც ევროინტეგრაციას უკავშირდება. გვჯერა, რომ საქართველო არის ევროპა, საქართველო გახდება ევროპული ოჯახის წევრი და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ ჩაწერა საქართველოს კონსტიტუციაში ეს ისტორიული არჩევანი. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება აკავშირებს ჩვენს წარსულს და მომავალს. არავის მივცემთ საშუალებას, რომ ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროპულ მომავალს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.