არჩილ თალაკვაძე - საქართველო ეპიდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა
არჩილ თალაკვაძე - საქართველო ეპიდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საქართველო კორონავირუსის გავრცელების შეკავებას შეძლებს.

როგორც ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ განუცხადა, საქართველომ სწრაფი და ეფექტური ნაბიჯები გადადგა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, ჯანდაცვის მინისტრს და სამინისტროს, ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ექიმებს, ექთნებსა და ეპიდემიოლოგებს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მოქალაქეებს, ვინც გაგებით მოეკიდა ეპიდემიური კონტროლისთვის შემოღებულ ზომებს. დარწმუნებული ვარ, ინფექციის გავრცელების შეკავებას შევძლებთ, ვინაიდან საქართველო ევროპის მასშტაბით, ამ მომენტისთვის ერთ-ერთი საუკეთესოა ეპიდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი მოსაზრება. თუ შეადარებთ საქართველოსა და სხვა ქვეყნებში მიღებულ ზომებს და ქრონოლოგიას, საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ეფექტური ზომები მიიღო“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სპიკერის ცნობით, ეპიდემიური კონტროლის ზომებს პარლამენტიც უერთდება.

შემოსასვლელებსა და იმ ადგილებში, სადაც საზოგადოება იკრიბება, დამონტაჟებულია სპეციალური დისპენსერები სადეზინფექციო ხსნარებით. გარდა ამისა, პერიოდულად მოხდება ზედაპირების დამუშავება, რომელთანაც ადამიანებს ხშირი შეხება აქვთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.