არჩილ თალაკვაძე - საქართველო არც საშინაო პოლიტიკის თვალსაზრისით, არც საგარეო ასპარეზზე არ გახდება აგრესიული დღის წესრიგის მძევალი
საქართველო არც საშინაო პოლიტიკის თვალსაზრისით, არც საგარეო ასპარეზზე არ გახდება და არ უნდა გახდეს აგრესიული დღის წესრიგის მძევალი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, ადა მარშანიას კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ადა მარშანიამ სხდომაზე განაცხადა, რომ მომავალი კვირიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება და საოკუპაციო რეჟიმის მიერ ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო კი, აბიტურიენტები ენგურის ხიდზე ვერ გადმოდიან. ადა მარშანიამ განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხის მოგვარებაში განათლების სამინისტრო უნდა ჩაერთოს.
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ენგურის ხიდის ჩაკეტვაზე რეაგირება მყისიერად მოხდა.
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ საკითხთან დაკავშირებით, რეაგირება მოხდა მყისიერად. იმ ფორმატებში, რაც აქვს საქართველოს ხელისუფლებას, ამაზე რეაგირება ხდება ამ მომენტშიც და იმედი მაქვს, ეს საკითხი მოგვარდება. საქართველო არც საშინაო პოლიტიკის თვალსაზრისით და არც საგარეო ასპარეზზე არ გახდება და არ უნდა გახდეს აგრესიული დღის წესრიგის მძევალი. ჩვენი არჩევანი, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, იყო პრაგმატული საგარეო პოლიტიკა, სადაც ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე რა თქმა უნდა, არანაირი კომპრომისი არ ხდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.
კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საქართველო აგრესიული დღის წესრიგის მძევალი არ უნდა გახდეს არც საშინაო არც საგარეო პოლიტიკაში. ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი მომავალი განვითარებისთვის, უსაფრთხოებისთვის და ასევე მნიშვნელოვანია ისეთი სექტორებისთვის, როგორიც არის ეკონომიკა და ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობა. იცით, რომ ძალიან ბევრად არის დამოკიდებული საქართველოს ეკონომიკური განვითარება, ევროპული მომავალი, სტრატეგიული თანამშრომლობა აშშ-სთან და ჩვენს პარტნიორებთან და იმაზე, როგორ ეფექტურად შევძლებთ, რომ რეგიონში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი შევინარჩუნოთ ყოველგვარი ეჭვების გარეშე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სესიის დღის წესრიგს დაემატა საკითხი – „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები“.
ამასთან, როგორც არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, საორგანიზაციო საკითხების დღის წესრიგში არის საპარლამენტო ოპოზიციის ფრაქციების ნაწილის პოზიცია და სურვილი, არ მიიღონ მონაწილეობა სხდომებში და მათი ეს პოზიცია რჩება დღის წესრიგში.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ენგურის ხიდზე გუშინ 20:00 საათიდან მოძრაობა ცალმხრივად ჩაკეტა. აკრძალვა აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა 25 ივნისის სხდომაზე მოითხოვა და ე.წ. პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას მიმართვა გაუგზავნა. ე.წ. აფხაზური პარლამენტი, „სახალხო კრება“ მიზეზად საქართველოს პარლამენტის წევრის, აკაკი ბობოხიძის მიერ რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვისადმი გამოთქმულ სიტყვებს ასახელებს. გარდა ამისა, მათ აკაკი ბობოხიძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვეს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ენგურის ხიდის ნაწილობრივ ჩაკეტვა განიხილება, როგორც მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების უკანონო შეზღუდვა.