არჩილ თალაკვაძე - საქართველო აღარასოდეს დაუბრუნდება ქუჩისა და დესტაბილიზაციის პოლიტიკას, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ქვეყანაში გაგრძელდეს დემოკრატიული რეფორმები
საქართველო აღარასოდეს დაუბრუნდება ქუჩისა და დესტაბილიზაციის პოლიტიკას. ჩვენ, როგორც ხელისუფლება, გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ქვეყანაში გაგრძელდეს დემოკრატიული რეფორმები, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „გირჩი-მეტი თავისუფლებას“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, არსებობს რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ქუჩის პოლიტიკას ემხრობა და არსებობს ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ევროპულ საპარლამენტო შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკას უჭერენ მხარს.
„თუ რომელი სჭირდება ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს ქვეყანას, ამაზე პასუხი ნათელია. საქართველო აღარ და აღარასოდეს დაუბრუნდება ქუჩისა და დესტაბილიზაციის პოლიტიკას. ჩვენ, როგორც ხელისუფლება, გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ქვეყანაში გაგრძელდეს დემოკრატიული რეფორმები და რადიკალური, ანტისისტემური, ანტიდემოკრატიული პარტიები ჩაანაცვლონ სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომელსაც ჩვენი საზოგადოება შემდეგ არჩევნებში აირჩევს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
„გირჩი-მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ სექტემბრიდან პროტესტი გაძლიერდება.
„მე გთავაზობთ ბრძოლას ამათთვის ძალაუფლების წართმევისთვის. გთავაზობთ ბრძოლას ისეთი მეთოდებით, როგორიცაა დაუმორჩილებლობა, პროტესტი და საბოტაჟი. ამათ ხელი უნდა შევუშალოთ ძალაუფლების შენარჩუნებაში. დაუმორჩილებლობა პროტესტი, საბოტაჟი, პარალიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.