არჩილ თალაკვაძე - სამუშაო შეხვედრებზე განვიხილეთ რეკომენდაციების შესრულების პროცესი, ვინაიდან დიდი ნაწილი მსგავსია სამივე ქვეყნის შემთხვევაში, განვაგრძობთ კოორდინაციას უკრაინასთანაც და მოლდოვასთანაც
გვქონდა სამუშაო შეხვედრები, სადაც განვიხილეთ რეკომენდაციების შესრულების პროცესი, განვაგრძობთ კოორდინაციას უკრაინასთანაც, მოლდოვასთანაც, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველი საპარლამენტო ასამბლეის შემდეგ განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდაციების შესრულების პროცესში სამივე ქვეყანამ გაცვალონ ინფორმაცია.
„უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის საკითხი ვინაიდან ერთად განიხილა ევროკავშირმა და იყო კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ მათზე უკვე პოზიტიური გადაწყვეტილება, ხოლო საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა, ჩვენ გვქონდა სამუშაო შეხვედრები, სადაც განვიხილეთ რეკომენდაციების შესრულების პროცესი, ვინაიდან დიდი ნაწილი ამ რეკომენდაციების არის ანალოგიური და მსგავსი სამივე ქვეყნის შემთხვევაში. ჩვენ განვაგრძობთ კოორდინაციას უკრაინასთანაც, მოლდოვასთანაც, რათა აღქმა და განხორციელების პროცესი ამ რეკომენდაციების იყოს მაქსიმალურად დაახლოებული, იყოს იმ სტანდარტებით ყველაფერი გაკეთებული, რომელსაც ელოდება ევროკავშირი. მოგეხსენებათ, შეფასება უნდა გაკეთდეს ასევე სამივე ქვეყნის შემთხვევაში, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, სამუშაო პროცესში ჩვენ გავცვალოთ ინფორმაცია, რომელი რეკომენდაცია როგორ უნდა შესრულდეს, იქ ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანი დეტალებია, რომლებიც თვითონ რეკომენდაციაში არ არის ჩაწერილი. ეს შეხვედრები ძალიან დაგვეხმარება, რომ ერთმანეთს გადავცეთ ის ინფორმაცია, რომელიც დროულად შესრულებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა თალაკვაძე.