არჩილ თალაკვაძე - სამშენებლო მიმართულებით კახა კალაძის საკანონმდებლო ინიციატივას მხარს დავუჭერთ
თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივას მხარს დავუჭერთ – ახალ მშენებლობებში, ექსპლოატაციაში მიღების გარეშე, კორპუსებში შესახლება არ უნდა მოხდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„ამავე დროს მზად ვართ განვიხილოთ მისი წინადადება 2019 წლის 16 მაისამდე არსებული იმ სამშენებლო დარღვევების პატიების შესახებ, რომელიც უსაფრთხოებას და ქალაქის ვიზუალურ სტანდარტს არ არღვევს. მომავალში, არსებით სამშენებლო დარღვევებზე სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრება მართებულია, ვინაიდან, ასეთი დარღვევები საბოლოო ჯამში ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას უკავშირდება“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისის მთავრობამ სამშენებლო მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა, რომელიც პარლამენტს გადაეგზავნება. კახა კალაძის თქმით, თბილისში 600-ზე მეტ ობიექტს, რომელიც დასრულებულია, თუმცა ექსპლუატაციაში მიღებული არ არის, ამნისტია შეეხება. ამასთან, ცვლილებების მიხედვით, ექსპლუატაციაში მიღების გარეშე შენობა-ნაგებობაში შესახლება დაუშვებელი იქნება. თბილისის, მერის თქმით, სისხლის სამართლებრივად დასჯადი გახდება ზოგიერთი სამშენებლო დარღვევა.