არჩილ თალაკვაძე - სამეურვეო საბჭოს წევრობის რომელიმე კანდიდატის დისკრედიტაცია მიუღებელია
პარლამენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებს კენჭს მომავალ სასესიო კვირაში უყრის.
როგორც ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა, სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებზე კონსულტაციები უმრავლესობაში შემავალი ფრაქციის თავმჯდომარეებთან გაიმართა და მმართველმა გუნდმა ზაზა შათირიშვილის, ია მამალაძისა და მალხაზ ასლამაზაშვილის კანდიდატურები შეარჩია.
მისი თქმით, უმრავლესობის ფორმატში საინტერესო მსჯელობა გაიმართა ასევე დოდო შონავას კანდიდატურაზეც, რომელიც პროფესიონალი ადამიანია.
„მას კომისიის მხრიდან საკმაოდ მაღალი შეფასებები აქვს, თუმცა უმრავლესობა სამ კანდიდატურაზე ჩამოყალიბდა. სახალხო დამცველმა, ოპოზიციურმა პარტიებმა კანდიდატურები დაასახელეს და ვერ გეტყვით, პარლამენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. რა თქმა უნდა, მთავარი კრიტერიუმებით ვიხელმძღვანელებთ, რითაც კომისიამ შერჩევის პროცესი ჩაატარა. ასევე დამატებით ჩვენს პოლიტიკურ გუნდში გამართული კონსულტაციებით ვიხელმძღვანელებთ. სესიამდე კონსულტაციები გაგრძელდება, გადაწყვეტილების მიღება დემოკრატიისა და თანაბარი პრინციპებიდან გამომდინარე მოხდება. სესიისთვის უმრავლესობის შიგნით შეჯერებული პოზიცია გვექნება”, – აღნიშნავს თალაკვაძე.
დეპუტატის შეფასებით, საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატების შერჩევის პროცესი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული.
„კომისიის მიერ შერჩეულ 12 კანდიდატს მაღალი კვალიფიკაცია და საინტერესო გამოცდილება აქვთ. რაც შეეხება ზაზა შათირიშვილის კანდიდატურას, მის წინააღმდეგ კამპანია წარიმართა, რომელიც მონაწილეობისა და თანაბარი შესაძლებლობების იმ პრინციპებს აზიანებს, რომლითაც ამ პროცესს თავიდანვე მივუდექით. აქედან გამომდინარე, რომელიმე კანდიდატის დისკრედიტაცია და ასეთი კამპანიის განხორციელება მიუღებელია“, – განაცხადა თალაკვაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებად ზაზა შათირიშვილი, მალხაზ ასლამაზაშვილი და ია მამალაძე შეარჩია.
უმრავლესობის გარეთ მყოფმა ცხრა დეპუტატმა დღეს ნინია კაკაბაძის კანდიდატურა წარადგინა, აჭარის უმაღლესმა საბჭომ – ბესიკ ლილუაშვილი, სახალხო დამცველმა – ზვიად დევდარიანი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შესარჩევმა კომისიამ 12 კანდიდატი შეარჩიადა სია პარლამენტს გადაუგზავნა.