არჩილ თალაკვაძე - „სამართლიანი არჩევნების“ მიერ პარალელური დათვლის შედეგებზე განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, ოპოზიციამ უნდა მოიხადოს ბოდიში
არჩილ თალაკვაძე - „სამართლიანი არჩევნების“ მიერ პარალელური დათვლის შედეგებზე განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, ოპოზიციამ უნდა მოიხადოს ბოდიში

ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ამ განცხადების შემდეგ, მესამე პრეზიდენტმაც, მეოთხე პრეზიდენტმაც და ოპოზიციამაც უნდა მოიხადოს ბოდიში, რადგან საბოლოოდ გაირკვა რომ ცესკო-ს მონაცემები სწორია და პარალელური დათვლის შედეგებს ემთხვევა, – ამის შესახებ საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის ახალარჩეულმა თავმჯდომარემ, არჩილ თალკვაძემ „ღამის კურიერის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

თალაკვძე გამოეხმაურა „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებულ პარალელური დათვლის დაზუსტებულ შედეგებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ დადგენილი სხვაობა გავლენას არ ახდენს არც ერთი საარჩევნო სუბიექტის მანდატების რაოდენობაზე.

„უკვე მთელი საზოგადოებისთვის ნათელია, რატომ ამბობდნენ უარს გადათვლაზე, უბნების მიხედვით მონაცემების შედარებაზე და ყველაფრის გადამოწმებაზე. მათ, მთელი ეს პროცესი ცრუ ბრალდებას დააფუძნეს – რეალურად არჩევნები არ გაყალბებულა. ეს იყო შანტაჟი ოპოზიციის მხრიდან და პოლიტიკური აფერა. რაც ახლა თქვენ პირდაპირ ეთერში წაიკითხეთ, ოპოზიციის მთავარ ბრალდებას, თითქოს არჩევნები გაყალბდა, აცამტვერებს. იმთავითვე ვამტკიცებდით, რომ ეს იყო უსაფუძვლო“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ცესკო-ს საბოლოო მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ ხმათა 48,22% აქვს მიღებული.

ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ დღეს გავრცელებული პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგებით, „ქართული ოცნების“ მაქსიმალური შედეგი 48,3% -ია, მინიმალური კი – 46,9%. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის მიერ პირველ ნოემბერს გამოქვეყნებული პარალელური დათვლის შედეგებით, „ქართული ოცნების“ მაქსიმალური შედეგი 46.5% იყო, მინიმალური კი – 45.1%.