არჩილ თალაკვაძე - საგამოძიებო კომისიის მხრიდან გ.მ-ს დაჭრის ფაქტზე გამოძიების რეკომენდაცია ღია კარის მტვრევაა
არჩილ თალაკვაძე - საგამოძიებო კომისიის მხრიდან გ.მ-ს დაჭრის ფაქტზე გამოძიების რეკომენდაცია ღია კარის მტვრევაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ  საგამოძიებო კომისიის მხრიდან  გ.მ-ს დაჭრის ფაქტზე გამოძიების დაწყების რეკომენდაციის გაცემა ღია კარის მტვრევაა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ კომისიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სასამართლოში ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის წარმართვამდე, 2017 წლის 27 დეკემბერს ამ საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე, რომლის ფარგლებში, მათ შორის გ.მ.-ს დაჭრა არის პირდაპირ დაფიქსირებული და გამოძიების ერთ-ერთი საგანი.

„იმის თქმა, რომ გამოძიება გ.მ-ს დაჭრით არ დაინტერესდა თავიდანვე, არ არის სწორი. გ.მ.-ს დაჭრის ფაქტზე ექსპერტიზის დასკვნა მოვიდა სასამართლოს გადაწყვეტილების დროს და ამ საქმეზე როგორც დაინტერესდა გამოძიება, იმაზე მეტი ფიზიკურად ვერ გაკეთდებოდა. შემდგომში უკვე ცალკე გამოყოფილი გამოძიების ფარგლებში, ეს საკითხი გახდა გამოძიების დაინტერესების საგანი და დღესაც  გ.მ.-ს დაჭრის ფაქტზეც მიმდინარეობს გამოძიება. ახლა რაც შეეხება პრაქტიკას, პრაქტიკაში ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა ერთი საქმის ფარგლებში ერთმანეთთან დაკავშირებულ რამდენიმე ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ შეიცავს რამე შეზღუდვას, რომ საქმის ფარგლებში სხვადასხვა ფაქტზე, მით უმეტეს ერთმანეთთან დაკავშირებულ ფაქტებზე მიმდინარეობდეს გამოძიება. პირდაპირი გეტყვით, რომ ეს რეკომენდაცია არის ღია კარის მტვრევა, რადგან თუ ჩვენი მიზანი არის, რომ ამ ფაქტზე გამოძიება ჩატარდეს და მივადევნოთ თვალი ამას, შსს ამაზე აწარმოებს გამოძიებას, მით უმეტეს იმ მოცემულობით, რომ ექსპერტიზის დასკვნა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ იყო წარმოდგენილი. თქვენ რაღაცნაირად მოცემულობად შემოგვიტანეთ, თითქოს გამოძიება არ დაინტერესდა და იქნებ დავაინტერესოთ, ესე ასე არ ყოფილა”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს სერგი კაპანაძის მიერ ინიცირებულ რეკომენდაციებს განიხილავს. აღნიშნული ორი რეკომენდაციის მიხედვით, გასული წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის დაპირისპირებისას გ.მ.-ს დაჭრის საქმეზე ცალკე გამოძიება უნდა დაიწყოს და ასევე ამავე რეკომენდაციით, სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს კონფლიქტში მონაწილე კიდევ ერთი პირის, საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის მ.კ.- სთან დაკავშირებით.

ამასთან, დღეს სერგი კაპანაძემ კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ მიმრთავს შსს-ს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვან გ.მ-ს ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე და გაატაროს შესაბამისი ოპერატიული, სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენი პირის იდენტიფიცირებისთვის.