არჩილ თალაკვაძე -  რუსეთთან მოლაპარაკებები ჟენევის ფორმატში უნდა გაგრძელდეს, მაგრამ საქართველო რუსეთთან მოლაპარაკებებში მარტო დარჩენას არ აპირებს
არჩილ თალაკვაძე -  რუსეთთან მოლაპარაკებები ჟენევის ფორმატში უნდა გაგრძელდეს, მაგრამ საქართველო რუსეთთან მოლაპარაკებებში მარტო დარჩენას არ აპირებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები ჟენევის ფორმატში უნდა გაგრძელდეს და გაგრძელდება კიდევ. ამასთან, მისი თქმით, საქართველო რუსეთთან მოლაპარაკებებში მარტო დარჩენას არ აპირებს.

არჩილ თალაკვაძემ ჟენევის ფორმატის მნიშვნელობაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ თემაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა ძალიან მცდარი კომენტარები გააკეთეს და უმჯობესია, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან კომენტარი გაკეთდეს.

„ჟენევის ფორმატი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორმატია, სადაც ჩვენ მხარეებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. როგორც იცით, ჟენევის მოლაპარაკებებში ხელშესახები შედეგების მიღწევა ძალიან რთულია იმის გამო, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან გადაწყვეტილების მიმღები პირების მონაწილეობა ნულოვანი ან ძალზეც დაბალია. ასევე, რუსეთი დღემდე იმ შეთანხმებას არ ასრულებს, რომელიც 2008 წელს აქვს აღებული. თუ ჟენევის ფორმატში, გადაწყვეტილების მიმღებ პირთა ჩართულობით რაიმე საუბარი შედგება, პირველ რიგში ეს საუბარი შეეხება იმას, რომ რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნები შეასრულოს. ბუნებრივია, ჟენევის ფორმატი შენარჩუნებული იქნება, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო მექანიზმია და ჩვენი მოლოდინი და მცდელობა, რომ ჟენევის ფორმატში უფრო მეტი და მნიშვნელოვანი საკითხები გადაიჭრას, რაც სახელმწიფოს ინტერესებშია.

რუსეთთან მოლაპარაკებები ჟენევის ფორმატში უნდა გაგრძელდეს და რა თქმა უნდა, გაგრძელდება, მაგრამ რუსეთთან მოლაპარაკებებში საქართველო მარტო დარჩენას არ აპირებს, რადგან მიგვაჩნია, რომ ამ ფორმატში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საქართველო მარტო არ დარჩეს იქ, სადაც სიმართლე სრულად ჩვენს მხარესაა“, – განაცხადა თალაკვაძემ.