არჩილ თალაკვაძე - რუსეთის მიერ ჩვენი მიწების ოკუპაცია საფრთხეს უქმნის ჩვენს დემოკრატიას, რაც განსაკუთრებით აქტუალურია, როდესაც ქვეყანაში არჩევნებია დაგეგმილი
რუსეთის მიერ ჩვენი მიწების მიმდინარე ოკუპაცია საფრთხეს უქმნის ჩვენს დემოკრატიას, რაც განსაკუთრებით აქტუალურია იმ წლებში, როდესაც ქვეყანაში არჩევნებია დაგეგმილი, ასეთია 2020 წელიც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის წერილშია აღნიშნული.
წერილს გამოცემა Morning Consult-ი აქვეყნებს სათაურით „საქართველოზე რუსული კიბერთავდასხმის შემდეგ, კონგრესმა უნდა იმოქმედოს, რათა მხარი დაუჭიროს მნიშვნელოვან პარტნიორს“.
საქართველოს პარლამენტის წერილში აღნიშნულია, რომ ძლიერ საერთაშორისო მხარდაჭერას არსებითი მნიშვნელობა აქვს მშვიდობიანი გზით ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის.
„შარშან, შემოდგომაზე წარმომადგენელთა პალატამ მიიღო საქართველოს მხარდამჭერი აქტი, რომელიც ამჟამად სენატში განიხილება. აქტის ავტორები გამოდიან მოწოდებით, რომ საქართველოს სუვერენიტეტის წინაშე მდგარი საფრთხეები შეფასდეს და აშშ-ის აშშ-ის მხრიდან ამ საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად უფრო აქტიური ზომები იყოს მიღებული. აქცენტი კეთდება კიბერსფეროში ჩარევაზე.
2012 წლიდან მოყოლებული ქართველებმა გაატარეს დემოკრატიული რეფორმების არაერთი ტალღა და ისინი აფასებენ საქართველოს მიმართ აშშ-ის ადმინისტრაციისა და კონგრესის ორპარტიულ მხარდაჭერას. ძლიერ საერთაშორისო მხარდაჭერას არსებითი მნიშვნელობა აქვს მშვიდობიანი გზით ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის.
რუსეთის მიერ ჩვენი მიწების მიმდინარე ოკუპაცია საფრთხეს უქმნის ჩვენს დემოკრატიას, რაც განსაკუთრებით აქტუალურია იმ წლებში, როდესაც ქვეყანაში არჩევნებია დაგეგმილი. ასეთია 2020 წელიც“, – აღნიშნულია არჩილ თალაკვაძის წერილში.
აქვე ნათქვამია, რომ ისევე, როგორც მზარდი დემოკრატიის ბევრ ქვეყანაში, საქართველოშიც მიმდინარეობს ცხარე დებატები ქვეყნის პოლიტიკური პროცესების ხასიათის შესახებ.
„მსგავსი დებატები თავისუფალი საზოგადოების მთავარ დამახასიათებელ ნიშანს წარმოადგენს. საქართველოსთვის სიმდიდრეს წარმოადგენს ის, რომ მას ჰყავს მეგობრები აშშ-ში, ვინც იზიარებს ჩვენს ხედვას საქართველოს, რომელიც არის თავისუფალი, დამოუკიდებელი, სუვერენული და დემოკრატიული სახელმწიფო“, – აღნიშნულია არჩილ თალაკვაძის წერილში.
აქვე აღნიშნულია, რომ არჩევნებთან დაკავშირებით მზაკვრული მოქმედებისთვის რუსეთს ფართო შესაძლებლობები აქვს.
„მათ შორის, ჩვენს დემოკრატიულ პროცესში იმ ღირებულებების საწინააღმდეგო აგიტაცია, რომელთაც ჩვენ ვუერთგულებთ და ვიზიარებთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
როგორც არჩილ თალაკვაძის წერილშია აღნიშნული, საქართველოს მტკიცე გადაწყვეტილება შემოდგომაზე კიდევ ერთი თავისუფალი, გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, წარმოადგენდა ვაშინგტონში მისი ბოლო ვიზიტის დროს კონგრესის ლიდერებთან და ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალურ წარმომადგენლებთან გამართული დისკუსიების მთავარ თემებს.
„მკაფიოდ გამოვხატე ჩვენი შეშფოთება უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რაც დაკავშირებულია რუსეთის მხრიდან ჩვენს პოლიტიკურ პროცესებში მოსალოდნელ ჩარევასთან. არჩევნებთან დაკავშირებით მზაკვრული მოქმედებისთვის რუსეთს ფართო შესაძლებლობები აქვს. მათ შორის, ჩვენს დემოკრატიულ პროცესში იმ ღირებულებების საწინააღმდეგო აგიტაცია, რომელთაც ჩვენ ვუერთგულებთ და ვიზიარებთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად“, – აღნიშნულია არჩილ თალაკვაძის წერილში.