არჩილ თალაკვაძე - როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი გაქებთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ე.ი. რაღაცას სწორად არ აკეთებთ, მეგობრებო
წარმოუდგენელია და შეუთავსებელია თავისუფლებასთან, დემოკრატიასთან, როცა ტელევიზიის დირექტორი საზოგადოებას ადამიანის შევიწროებისკენ, დევნისკენ მოუწოდებს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძე ნიკა გვარამიას „ფეისბუქ“ პოსტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არჩევნების იდეასთან წინააღმდეგობაში მოდის, როცა ტელევიზია საარჩევნო სუბიექტს ღიად ემუქრება.
„ამაზე სამოქალაქო საზოგადოების რეაქცია აუცილებელი იყო. სხვა მაგალითებიც დაგროვდა ბოლო პერიოდში, რაზეც რეაქცია არ არის, ან მიკერძოებულია და ეს ძალიან შემაშფოთებელია. შერჩევითი მიდგომა აზიანებს სამოქალაქო საზოგადოების იდეას.
როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი გაქებთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ე.ი. რაღაცას სწორად არ აკეთებთ, მეგობრებო“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ფეისბუქპოსტი გაავრცელა, რომელშიც წერს: „უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს მხარს უჭერს, აფინანსებს ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება“.
ნიკა გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გვარამიას განცხადებას დღემდე არასამთავრობო ორგანიზაციები არ გამოხმაურებიან.
„ვინც ხელს აფარებს ფაშიზმს, თავადაც არის ფაშიზმის თანამონაწილე, სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შორისაც არიან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.