არჩილ თალაკვაძე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, გაამართლოს ადამიანზე ბენზინის გადასხმა, ცეცხლის მოკიდების ფაქტი, ამას უწოდებს მშვიდობიან პროტესტს, ლიბერალიზმს, ეს არის დიდი ტყუილი
რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, გაამართლოს ადამიანზე ბენზინის გადასხმა, ცეცხლის მოკიდების ფაქტი და ამას უწოდებს მშვიდობიან პროტესტს, ლიბერალიზმს, თავისუფლებას, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, ეს დიდ ზიანს აყენებს მართლმსაჯულებას და დემოკრატიას.
„ვხედავთ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკურ სპეკულაციებს, ამ ისტორიის გადაწერის, ყალბი სახით მიწოდების მცდელობას. ლაზარეც და სხვა ახალგაზრდებიც სწორედ ამ რადიკალურმა ოპოზიციამ მარტო დატოვეს ქუჩის პროტესტში. ისინი სწორედ ახალგაზრდებს არიან ამოფარებულები. ახალგაზრდებით ცდილობენ, პოლიტიკური დივიდენდები მოიპოვონ, პოლიტიკური ტემპერატურა როგორმე აწიონ, რადგან მათ დღეს ძალიან დაბალი ტემპერატურა და დაბალი რეიტინგი აქვთ.
არავითარი კავშირი იმ კანონდარღვევას, რომლის გამოც ეს მოქალაქე პატიმრობაშია, არ აქვს მის გემოვნებასთან, ვისთან მეგობრობს, რა მუსიკას უსმენს და რა მსოფლმხედველობის ადამიანია. კანონი ამბობს, რომ ძალადობა მიუღებელია და გათვალისწინებულია სანქციები. რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რომ გაამართლოს ადამიანზე ბენზინის გადასხმა, ცეცხლის მოკიდების ფაქტი და ამას უწოდებს მშვიდობიან პროტესტს, ლიბერალიზმსა და თავისუფლებას. ეს არის დიდი ტყუილი და დიდ ზიანს აყენებს მართლმსაჯულებას და დემოკრატიას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე 7, 8, 9 მარტს გამართულ გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისმა საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა, რის შედეგად, დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. გამოძიების ცნობითვე, ბრალდებულმა ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.