არჩილ თალაკვაძე - ქვეყანაში ტირანია და ავტოკრატიული მმართველობა თუ არსებობდა, ეს იყო სწორედ მიხეილ სააკაშვილის დროს
ქვეყანაში ტირანია და ავტოკრატიული მმართველობა თუ არსებობდა, ეს იყო სწორედ მიხეილ სააკაშვილის დროს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, უახლოეს ისტორიაში ერთპარტიული ძალაუფლების ბოროტად გამოყენების კლასიკური მაგალითი არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი.
„რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას პოლიტიკასთან, იცით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები გაატარა. სწორედ ამის დამსახურებაა ის, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტი არის მრავალპარტიული და ახალ ოპოზიციურ პარტიებს სახელმწიფო დაფინანსება და სრული წვდომა აქვთ მედიაზე.
თქვენ რომ იმ წლების სურათები ამოიღოთ, რომელსაც ასეთი შეფასება ეკუთვნის, ნახავთ, რომ აქ იყო ოთხი-ხუთი მიკროფონი, დღეს არის ოცამდე, რეგიონებში ოცამდე მედიასაშუალება იყო, დღეს არის 120-მდე. ანუ, როცა მრავალფეროვნებაზე ვსაუბრობთ, სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა ისეთი პოლიტიკური სისტემა და პირობები დემოკრატიისთვის, როცა მრავალფეროვნება პარლამენტშიც არის, მედიაშიც და ბიზნესშიც“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა გუშინ განაცხადა, რომ „როგორც ჩანს, ზოგიერთს არ ესმის, რომ დემოკრატია შეხედულებების მრავალფეროვნებას მოითხოვს. ერთი ადამიანი, ერთპარტიული მმართველობა ამის საწინააღმდეგოდ მუშაობს. უფრო მეტიც, ეს ქმნის უმრავლესობის ტირანიის საფრთხეს“.
ამასთან, თავის მხრივ, კელი დეგნანის განცხადების საპასუხოდ კომენტარი გააკეთა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. კობახიძემ აღნიშნა: „მე ვარ ამ საქმის უშუალო სპეციალისტი, რასაც ჰქვია კონსტიტუციური სამართალი, შემიძლია, გითხრათ, რომ ორპროცენტიანი და უფრო დაბალი საარჩევნო ბარიერი მოქმედებს ევროკავშირის ორ წევრ ქვეყანაში და სხვა არც ერთ ამ ქვეყანაში არ ყალიბდება ტირანია“.