არჩილ თალაკვაძე - „ქართული ოცნება“ ქვეყანასა და საზოგადოებას შესთავაზებს მშვიდ, საქმიან პოლიტიკას, სადაც მთავარი იქნება, რა კეთდება
2012 წლიდან პირველი, რაც გაკეთდა, თქვენი მხარდაჭერით, თქვენი ძალისხმევით სწორედ ეს იყო, რომ ადამიანი გახდა ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ჩვენს სახელმწიფოში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ჭიათურაში, შუალედურ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, გივი მოდებაძის წარდგენაზე განაცხადა.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ჯერ კიდევ ბევრი რჩება, ვისაც სჭირდება დახმარება, უფრო მეტი ყურადღება ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ ადამიანი დღეს არის ყველაზე მთავარი ღირებულება ჩვენს სახელმწიფოში.
„ჩვენ ერთად შევცვალეთ ჯანდაცვის სისტემის კურსი. ჯანდაცვის სისტემის კომპასი გასწორდა ადამიანსა და ადამიანის საჭიროებებზე. ხარჯები, რომლებიც თითოეულ მოქალაქეს ჰქონდა ჯანდაცვის სფეროში, სახელმწიფომ მნიშვნელოვანწილად აიღო თავის თავზე. გაფართოვდა სერვისები, გაიხსნა ახალი კლინიკები და მოქალაქეებს დღეს ბევრად უკეთესად, ბევრად მეტად და მაღალი რესურსებით ემსახურება სახელმწიფო“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ, რომლის თქმითაც, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელთა შორისაც არის ჭიათურის საბაგირო გზაც.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, კონსტიტუციაში ჩაიდო მომავალში უფრო მშვიდი, უფრო ევროპული, უფრო დაბალანსებული პოლიტიკის გატარების გარანტიები.
„მინდა, დაგარწმუნოთ ყველა, ვინც მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ასევე მათ, ვისაც ჯერ არ მიგიღიათ გადაწყვეტილება, თუ ვის აირჩევთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, არაფერს ვამბობ შუალედურ არჩევნებზე, რადგან მჯერა, თქვენი მხარდაჭერით გივი მოდებაძე აუცილებლად გაიმარჯვებს. 2020 წლამდე და შემდეგ „ქართული ოცნება“ თქვენი მხარდაჭერით გააკეთებს მასშტაბურ, ისტორიულ და უპრეცედენტო ინვესტიციას განათლების სექტორში. ეს პირდაპირ აისახება მასწავლებლებზე, სტუდენტებზე, მოსწავლეებზე, მშობლებზე და თითოეულ ოჯახზე. პრაქტიკულად ჩვენ ვდებთ პირობას, რომ ქვეყნის ბიუჯეტის დიდი ნაწილი, მეოთხედი დაიხარჯება განათლების სისტემაზე. ეს არის ახალი სკოლები, გაზრდილი ხელფასები პედაგოგებისთვის, უფრო ხარისხიანი განათლება და სასწავლო პროგრამები. ჩვენ ვაპირებთ ინდუსტრიული სფეროს განვითარებას და გუშინ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარადგინა უპრეცედენტო პროგრამა, რომელიც პირველ რიგში, იმერეთის საკუთრება იქნება. საქართველოში უახლოეს პერიოდში დაიწყება ელექტრომობილების წარმოება და ეს იქნება ქუთაისში. რაც უნდა პოლიტიკური დაპირისპირება იყოს, რაც უნდა პოლარიზაცია გააკეთონ ჩვენმა ოპონენტებმა არჩევნებამდე თუ არჩევნების დროს, ჩვენ გპირდებით, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყანასა და საზოგადოებას შესთავაზებს მშვიდ, საქმიან პოლიტიკას, სადაც მთავარი იქნება, რა კეთდება, რა პასუხები და არგუმენტები გვაქვს საზოგადოებასთან. აი, ამიტომ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა, ამისთვის გვჭირდება ნდობის განახლება საზოგადოებასთან. ჩვენ კიდევ ერთხელ ვდებთ პირობას, რომ განვითარების პროცესი, როგორც მთელ საქართველოზე, ასევე, ჭიათურაზეც თანასწორად და სამართლიანად იქნება ასახული“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
გამოსვლის დასაწყისში არჩილ თალაკვაძემ შეკრებილ ამომრჩეველს მიმართა – „ზესტაფონელებო“, თუმცა შემდეგ აღნიშნა, რომ ჭიათურიდან „ქართული ოცნების“ ლიდერები კანდიდატის წარსადგენად ზესტაფონში მიდიოდნენ.
პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ჭიათურაში მერის შუალედურ არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა დღეს წარადგინა. არჩევნებში „ქართული ოცნების“ სახელით კენჭს მოქმედი მერის მოვალეობის შემსრულებელი გივი მოდებაძე იყრის.