„ქართულმა ოცნებამ“ ჭიათურაში მერის შუალედურ არჩევნებში გივი მოდებაძის კანდიდატურა წარადგინა
„ქართულმა ოცნებამ“ ჭიათურაში მერის შუალედურ არჩევნებში გივი მოდებაძის კანდიდატურა წარადგინა

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ჭიათურაში მერის შუალედურ არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წარადგინა. არჩევნებში „ქართული ოცნების“ სახელით კენჭს მოქმედი მერის მოვალეობის შემსრულებელი გივი მოდებაძე იყრის.

გივი მოდებაძის წარსადგენად ჭიათურაში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან და დეპუტატ გივი ჭიჭინაძესთან ერთად ჩავიდა.

„შუალედურ არჩევნებში წარვადგინეთ კანდიდატი, რომელსაც ძალიან კარგად იცნობთ. ჩვენი კანდიდატი თქვენი წიაღიდანაა და მას თქვენი მხარდაჭერა სჭირდება, რათა ხელისუფლებამ დაასრულოს საქმეები, რომლებიც უკვე დაწყებული აქვს და გააკეთოს ბევრი ახალი პროექტი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ასევე,  მერობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა ,,ქართულ ოცნებას’’ და მის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის. გივი მოდებაძემ თავის გამოსვლაში ჭიათურაში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

„ჭიათურაში დაწყებულია და დაიწყება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. დასრულდება  24 საათიანი წყალმომარაგების პროექტი; დასრულდება ბაგირგზების მშენებლობა, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ტურისტულ პოტენციალს ჩვენს ქალაქში; დაიგება სხვადასხვა მიმართულებით 50 კმ-მდე ასფალტისა და ბეტონის გზა; მიმდინარე წელს დასრულდება რამდენიმე სკვერის რეაბილიტაცია და თანამედროვე სავარჯიშო სისტემების მონტაჟი; სხვადასხვა მიმართულებით მოეწყობა ახალი გარე განათების სისტემები; დასრულდება გარე ფასადური სამუშაოები”, – განაცხადა გივი მოდებაძემ.

მოდებაძის თქმით, ხელისუფლებისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს განათლება და სკოლამდელი აღზრდა. გამომდინარე აქედან, რეაბილიტაცია ჩაუტარდება რამდენიმე ათეულ სკოლას და საბავშვო ბაღს, ასევე, აშენდება 3 საჯარო სკოლა და ორი საბავშვო ბაღი.