არჩილ თალაკვაძე - პრეზიდენტმა პრაქტიკულად არ დაასახელა და პარლამენტს არ წარუდგინა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის პროცესზე მმართველმა გუნდმა თავიდანვე სკეპტიკური დამოკიდებულება გამოხატა.
მისი თქმით, უმრავლესობის მოლოდინი გამართლდა, რადგან პრეზიდენტმა პრაქტიკულად არ დაასახელა კანდიდატი.
„არ გვქონდა მაღალი მოლოდინები, რომ პრეზიდენტი შეძლებდა ამ პროცესის წარმატებით დასრულებას. როგორც აღმოჩნდა, ჩვენი წინასწარი შეფასებები გამართლდა. პრეზიდენტმა პრაქტიკულად არ დაასახელა, არ შეარჩია და არ წარუდგინა პარლამენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი. ჩვენ დღესაც მზად ვართ, თუ ის წარადგენს კანდიდატს, პარლამენტმა კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილოს ეს კანდიდატურა, თუმცა, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება არის მისი მისაღები.
მე რამდენადაც ვნახე, სამოქალაქო საზოგადოებასაც ჰქონდა იგივე რეაქცია, რაც პარლამენტს. ამ ეტაპზე, ჩვენ არ გვქონია დამატებითი მსჯელობა კანდიდატთან დაკავშირებით, როდესაც საპარლამენტო სესია დაიწყება, ამაზე დამატებით ვიმსჯელებთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს სავარაუდოდ აღარ წარადგენს. როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, კონსენსუსი ვერ შედგა.