არჩილ თალაკვაძე - პარლამენტში ნიკა მელიას ფუნქცია კვარტალში ერთხელ კონცერტების მოწყობაა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტატის, პარლამენტში ნიკა მელიას ფუნქცია კვარტალში ერთხელ კონცერტების მოწყობაა.
არჩილ თალაკვაძე პარლამენტში დღეს მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნიკა მელია კვარტალში ერთხელ ასეთ გამოსვლას აკეთებს, ეს მისი შოუა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ სტილში წარმართავს.
„ეს ერთგვარი კომპენსაციაა იმ უამრავი გაცდენის, რაც მას აქვს. სამწუხაროა, რომ რამდენიმე კოლეგის გვარიც არ იცოდა მაშინ, როცა ორი წელია, დეპუტატია. ეს იმის გამო ხდება, რომ სამუშაო პროცესში არ მონაწილეობს და პარლამენტში მისი ფუნქცია კვარტალში ერთხელ კონცერტების მოწყობაა. პარლამენტში საქმიან გარემოს შევინარჩუნებთ და მომავალში საქმიანი პოზიციების შეჯერება მოხდება იმ ინიციატივებზე, რომელიც საზოგადოებას სჭირდება. ამ პროცესში ნიკა მელიას მსგავსი პოლიტიკოსებისთვის ცოტა ადგილი რჩება”, – განაცხადა თალაკვაძემ.
საქართველოს პარლამენტში დღეს ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ნიკა მელია და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ირმა ინაშვილი დაუპირისპირდნენ.