არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას - როდის მერე გახდით მამუკა ხაზარაძის და საერთოდ, ბიზნესის დამცველები
როდის მერე გახდით ხაზარაძის და საერთოდ, ბიზნესის დამცველები? იქნებ ამაზეც გვითხრათ ორი სიტყვით, – ასე მიმართა უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ რომან გოცირიძეს.
„სამი თვის წინ თქვენი პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ ძალიან შევცდი თავის დროზეო, რომ ხაზარაძეს ბანკი არ წავართვიო. სხვა განცხადებებსაც შეგახსენებთ თქვენი პარტიიდან. როდის მერე გახდით ხაზარაძის და, საერთოდ, ბიზნესის დამცველები? იქნებ ამაზეც გვითხრათ ორი სიტყვით. თქვენს გამოსვლაში ამაზე არაფერი გითქვამთ. დასასრულ, რამდენიმე განცხადება მოვისმინე, რომ ვიღაცას უნდა პორტი წაართვას ვინმეს, ჯერ ერთი პორტი ჯერ არ არის აშენებული, და რისი წართმევა უნდათ – ვალდებულებების, ხელშეკრულებების თუ, ან და თუ წართმევა უნდათ მაშინ რატომ მისცეს სესხი, რატომ დააკრედიტა სახელმწიფომ სუბორდინირებული სესხი, რატომ გადაუვადეს ვადები, თუ წართმევა უნდოდათ რატომ შეუცვალეს პირობები ისე, რომ ამ პროექტის განხორციელებისთვის უფრო ხელსაყრელი გარემო ჰქონოდათ. დახმარება, მხარდაჭერა სახელმწიფომ რატომ გამოიჩინა?“, – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის ბრალდებები ამ შემთხვევაში არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება.
არჩილ თალაკვაძემ კიდევ ერთხელ შეახსენა ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ ანაკლიის პორტი ჩვენი ქვეყნისათვის არის მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და უსაფრთხოება.
„ანაკლიის პორტი ეს არის ეკონომიკის და უსაფრთხოების პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანი და დიდ მასშტაბიანი პროექტი. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება სახელმწიფოს და კერძო სექტორის თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება ინვესტორებთან მოლაპარაკებები. აქეთა მხრიდან, ვინც თქვენ პარლამენტში გყავდათ დაბარებული, პრაქტიკულად ყველაფერი გაკეთებულია გზის და რკინიგზის გარდა, რომელზეც საკმარისი ვადა აქვთ დარჩენილი სამინისტროს და მთავრობას რომ გააკეთოს. ისინი ამბობენ, რომ ამ პირობას შეასრულებენ, ექვსი თვით ადრე პორტის გაშვებამდე, როცა ყველაფერი გაკეთდება იქ, მზად იქნება ეს ინფრასტრუქტურაც ფუნქციონირებისათვის. კიდევ ერთხელ, ძვირფასო მეგობრებო, სწორება გავაკეთოთ მომავალზე, სახელმწიფო ინტერესების გარშემო ვცადოთ მეტი კონსოლიდაცია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.