არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციას პარლამენტში ოპონირება უჭირს, რადგან არ ესწრებიან ფორმატებს, რომლებიც მათთვის არის კონტროლის მექანიზმად შექმნილი, იმედია, როდესმე შეძლებენ საკუთარი ფუნქციის შესრულებას
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციას პარლამენტში ოპონირება ძალიან უჭირს, რადგან არ მონაწილეობენ იმ ფორმატებში, რომლებიც ზუსტად ოპოზიციისთვის არის კონტროლის მექანიზმად შექმნილი. რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნას, შეიქმნას სასამართლო სისტემაში კორუფციულ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, არჩილ თალაკვაძის თქმით, ვინაიდან ოპოზიციის წარმომადგენლებმა აღნიშნულის თაობაზე გააკეთეს განცხადება, იმედი აქვს, ისინი როდესმე შეძლებენ საკუთარი ფუნქციის შესრულებას.
ამასთან, თალაკვაძე სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის დასანქცირებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ რადიკალურ ოპოზიციას ასეთი საკითხები აბედნიერებს.
„მოქალაქეებს შეშფოთების არავითარი საფუძველი არ აქვთ. ოპოზიციის მხრიდან ბევრი მუქარა და მოთხოვნა გვახსოვს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. ერთხელ მაინც შეასრულონ თავიანთი ფუნქცია და გასწიონ ჯეროვანი ოპონირება. პარლამენტში ოპონირება ძალიან უჭირთ, რადგან არ ესწრებიან იმ ფორმატებს, რომლებიც ზუსტად ოპოზიციისთვის არის კონტროლის მექანიზმად შექმნილი. საკმარისი მანდატები აქვთ და ვინაიდან წინასწარ გააკეთეს განცხადება, იმედია, როდესმე შეძლებენ საკუთარი ფუნქციის შესრულებას. ოპოზიცია იყო აჟიტირებული, რადიკალური ოპოზიცია იმიტომ არის რადიკალური, რომ მათი ბედნიერებისთვის ასეთი საკითხები საკმარისია. უხარიათ, როცა ქვეყნის რეპუტაციას ჩრდილი ადგება, ხდება ისეთი მოვლენები, რითიც შეიძლება, გარკვეული პოლიტიკური დივიდენდები მიიღონ. მათ შიგნით არ აქვთ ლეგიტიმაცია და საგარეო პოლიტიკით ცდილობენ, როგორმე ამაზე საკუთარი დღის წესრიგი ააგონ. სინამდვილეში, ეს არის ოპოზიცია, რომელსაც ბედნიერებისთვის ასეთი საკითხები ჰყოფნის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.