არჩილ თალაკვაძე - ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით შემუშავებული გადაწყვეტილებების პაკეტი მისასალმებელია
არჩილ თალაკვაძე - ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით შემუშავებული გადაწყვეტილებების პაკეტი მისასალმებელია

ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით შემუშავებული გადაწყვეტილებების პაკეტი მისასალმებელია, – განაცხადა „ქართული ოცნებიდან“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რას გულისხმობს თამამი გადაწყვეტილებების პაკეტი, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ეს არის ხედვა, რითაც კონფლიქტების დარეგულირებისკენ, მშვიდობისა და შერიგებისკენ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება.

„პირველი, ეს არის ჩვენს ოს და აფხაზ ძმებთან ყოველდღიური სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება; ეს არის მათთვის სამედიცინო და სოციალური სერვისების გაზიარება; კონკრეტული ფორმატების შექმნა, რითაც აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებთან სოციალურ–კულტურულ, ეკონომიკურ სფეროში ინფორმაციისა და ურთიერთობების გაცვლის მეტი შესაძლებლობა გვექნება. იგეგმება ასევე განათლების, სპორტისა და ეკონომიკის სფეროს ხელშემწყობი პროექტები, რაც ახალი თაობის წარმომადგენლებს შორის კონტაქტებს, ურთიერთობებს გააჩენს.

ამას დაემატება საერთაშორისო პროგრამები, რომელსაც ევროკავშირი დააფინანსებს და საერთო ჯამში, ეს ყველაფერი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და, რაც მთავარია, აფხაზ და ოს ძმებთან შერიგების პროცესს დააჩქარებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.