ჩვენი პოზიცია აგვისტოს ომთან დაკავშირებით არის პრინციპული და მკაფიო, აგრესორი არის რუსეთი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რუსეთმა მოახდინა საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და დღეს რუსეთის ფედერაციის ჯარისკაცები საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებიან.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მშვიდობიანი გზით, საქართველოს დემოკრატიული ეკონომიკური განვითარების გზით, საერთაშორისო მხარდაჭერით აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ეს პოზიცია არის ჩვენი პრინციპული პოზიცია, განსხვავებული აზრი ამასთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებას“ არ აქვს და ვერ ექნება. აქ მნიშვნელოვანია ჩვენი პოზიცია იყოს მკაფიოდ მიწოდებული მაყურებლისთვის, რომ ოკუპაცია მოახდინა რუსეთმა, რუსეთი არის აგრესორი. ჩვენ პატივს ვცემთ ყველა იმ ჯარისკაცს, რომელიც დაეცა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.