არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა დაიჯეროს, რომ საზოგადოებამ ის რეალური პოლიტიკიდან გაისტუმრა
არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა დაიჯეროს, რომ საზოგადოებამ ის რეალური პოლიტიკიდან გაისტუმრა

რაც ყველაზე კარგია, მთავრობის ოთხწლიანი გეგმა ძალიან სერიოზულ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდთანაა შეთანხმებული, – ამის შესახებ „ქართული ოცნებიდან“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„მთავრობას და „ქართული ოცნების“ გუნდს ქვეყნის შემდგომი განვითარების ოთხწლიანი ხედვა აქვს, რომელშიც არის კონკრეტული პროგრამები, მაკროეკონომიკური პარამეტრები, პროექტები და რეფორმები, რომლებიც შემდეგი წლების განმავლობაში უნდა განხორციელდეს. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ სლოგანები, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს იყო. ამ ყველაფრის უკან კონკრეტული გათვლები და კონკრეტული საქმე დგას“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა დაიჯეროს, რომ რეალურ პოლიტიკაში აღარ არის, რადგან საზოგადოებამ ის რეალური პოლიტიკიდან გაისტუმრა.

„გამიკვირდა, რომ სერგი კაპანაძემ გადაცემაში „ნაციონალური მოძრაობა“ დაიცვა. გუშინ ვნახეთ „ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობა, რომ ამ პარტიამ საქმიანობა უკვე შოუ-ბიზნესში გააგრძელოს, მაგრამ შოუ-ბიზნესში საკმაოდ დიდი კონკურენციაა. მათ რეგლამენტი დაარღვიეს და შემდეგ ისეთი რეიდის მცდელობა ჰქონდათ, როგორსაც ტელევიზიებში, ბიზნესზე და ადამიანებზე ხელისუფლებაში ყოფნის დროს აწყობდნენ. საზოგადოებას ერთადერთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაშიც ისეთივე დესტრუქციულია, როგორც ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებსაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიერ მიღწეული შედეგები რეალურ და გაზომვად მაჩვენებლებში გამოიხატება.

„საქართველოს მინიმუმ, 4,7%–იანი ეკონომიკური ზრდა აქვს. 2017 წელს 911 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რამაც 38 000–მდე ახალი სამუშაო ადგილი შექმნა. მთავრობამ ადმინისტრაციულ და მიმდინარე ხარჯებში 100 მილიონ ლარზე მეტი დაზოგა. ასევე, ჩვენი მმართველობის პერიოდში კერძო სექტორში დასაქმებული 133 ათასით მეტია. 2017 წელს საგადასახადო სექტორში გატარებული რეფორმების წყალობით, ბიზნესს რეინვესტირებისა და განვითარებისთვის 360 მილიონ ლარზე მეტი დარჩა. რა თქმა უნდა, ესეც ახალ სამუშაო ადგილებს უკავშირდება. ადამიანის უფლებების დაცვას რაც შეეხება, ამ კუთხით წინა მმართველობის პერიოდში არსებულ ვითარებასთან დიამეტრალური განსხვავება გვაქვს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.