არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დეოლიგარქიზაციის თაობაზე ჩვენ მიერ მომზადებული კანონპროექტი გადაწერა და რამდენიმე პუნქტი დაუმატა, რომელიც მათ რიგებში პოტენციურ ოლიგარქებს იცავს
დეოლიგარქიზაციის თაობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული კანონპროექტი არის ოლიგარქების დაცვის კანონპროექტი. ჩვენ მიერ მომზადებული კანონპროექტი გადაწერეს და რამდენიმე პუნქტი დაუმატეს, რომელიც მათ რიგებში მყოფ პოტენციურ ოლიგარქებს იცავს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტებს შორის მხოლოდ ეს განსხვავებაა.
„ეს არის მხოლოდ განსხვავება. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ რადიკალური ოპოზიციის დამფინანსებელმა ოლიგარქებმა თითი დაუქნიეს საპარლამენტო ოპოზიციას და უთხრეს, რომ როგორმე დაშვებული შეცდომა გამოასწორონ. ალბათ ბედის ირონიაა, რომ ეკონომიკურ ზრდაზე აქვთ მიბმული თავიანთი პროექტის ერთი მუხლი და ამაშიც არათანმიმდევრულები არიან – პარლამენტში საჯაროდ ყვირიან, რომ ეკონომიკური ზრდა არ არსებობს, სინამდვილეში კი, თავიანთი პროექტი ეკონომიკურ ზრდას მიაბეს, რომელიც ბოლო პერიოდში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის მიერ არის უზრუნველყოფილი. ოპოზიცია რასაც საჯაროდ ამბობს, ფარდის უკან სხვას ფიქრობს და ბოლოს მესამეს აკეთებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დეოლიგარქიზაციის შესახებ ალტერნატიული კანონპროექტი მოამზადა.