„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დეოლიგარქიზაციის შესახებ ალტერნატიული კანონპროექტი მოამზადა
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დეოლიგარქიზაციის შესახებ ალტერნატიული კანონპროექტი მოამზადა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დეოლიგარქიზაციის შესახებ ალტერნატიული კანონპროექტი მოამზადა, რომლის ინიცირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მოხდება. პარტიის მიერ მომზადებული ცვლილებებით, ოლიგარქი არის პირი, რომელიც აკმაყოფილებს სულ მცირე სამ პირობას და ახორციელებს ზეგავლენას საჯარო უფლებამოსილების ორგანოებზე ან მათ თანამდებობის პირებზე.

კერძოდ, პროექტით, ოლიგარქი პირდაპირ ან ირიბად ახორციელებს პოლიტიკურ საქმიანობას, მისი ოჯახის წევრები ან დაკავშირებული პირები, მის მფლობელობაში არსებულ იურიდიულ სუბიექტებში დასაქმებული პირები იკავებენ სახელმწიფო-პოლიტიკურ, პოლიტიკურ ანდა სახელმწიფო თანამდებობებს, პირდაპირ ან ირიბად (მათ შორის მისი გავლენის ქვეშ მყოფი ორგანიზაციის მეშვებით) ახორციელებს მნიშვნელოვან ზეგავლენას მედია მომსახურების საშუალებებზე, წარმოადგენს საბოლოო ბენეფიციარ მესაკუთრეს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არის ბუნებრივი მონოპოლიები სუბიექტი ან უკავია დომინანტური (მონოპოლიური) მდგომარეობა ბაზარზე კონკურენციის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად. ასევე, პირის ან სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მფლობელი პირის დადასტურებული აქტივები აღემატება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,35 პროცენტს, ან მას, მისი ოჯახის წევრებს და დაკავშირებულ პირებს საკუთრებაში აქვთ საქართველოს მიწის რესურსის 7 პროცენტზე მეტი, სანქცირებულია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის და ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოს, ამ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

კანონპროექტი ითვალისწინებს ოლიგარქთა რეესტრის არსებობას, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო აწარმოებს.

ცვლილებებით განისაზღვრება, რომ პირი ოლიგარქთა რეესტრში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოხვდება. რეესტრიდან ამორიცხვის შესახებ ოლიგარქად ცნობილ პირს კი შეუძლია, მიმართოს იუსტიციის მინისტრს, თუ ის მიიჩნევს, რომ უკვე აღარ არსებობს ის კრიტერიუმები კუმულატიურად, რაც მისი ოლიგარქთა რეესტრში შეყვანის საფუძველი გახდა.