არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ თავიდანვე ძალიან უკმაყოფილო იყო, როდესაც ჩვენ წარმატებით შევასრულეთ უვიზო მიმოსვლის გეგმა
არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ თავიდანვე ძალიან უკმაყოფილო იყო, როდესაც ჩვენ წარმატებით შევასრულეთ უვიზო მიმოსვლის გეგმა

უვიზო რეჟიმი ჩვენი ხელისუფლებისა და საზოგადოების საერთო მიღწევაა. ეს იმიტომ მივიღეთ, რომ რეფორმები, რომელიც ევროკავშირთან შეთანხმებული იყო, წარმატებით განხორციელდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„დღეს მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც ევროპაში მიემგზავრება, რეალურად თავის ქვეყანას წარმოადგენს და ყველა ჩვენგანს პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ უვიზო რეჟიმი, ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა მაქსიმალურად დავიცვათ და ამ შესაძლებლობას გავუფრთხილდეთ.“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ოპოზიციის კომენტარებს უპასუხისმგებლო კომენტარები უწოდა.

„ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია, რადგან გვახსოვს ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“ თავიდანვე ძალიან უკმაყოფილო იყო, როდესაც ჩვენ წარმატებით შევასრულეთ უვიზო მიმოსვლის გეგმა და ევროპასთან უვიზო მიმოსვლა მივიღეთ. ისინი მას შემდეგ ცდილობენ, რომ რამენაირად ჩრდილი მიაყენონ ევროპასთან უვიზო მიმოსვლის მიღწევას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებას ევროპაში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმა აქვს.

„ძალიან ბევრი ადამიანი სამწუხაროდ წლების განმავლობაში საქართველოდან ემიგრირებულია. ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობს და ამის დაბრალება ჩვენს ხელისუფლებაზე, პოლიტიკური ჰაერის გაყიდვა და ელემენტარული უპასუხისმგებლობაა ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინაშე. ყველას მოვალეობაა, ის შეთანხმება და კანონმდებლობა დავიცვათ, რომელიც ევროკავშირთან, მიგრაციასთან დაკავშირებით გვაქვს.

რაც შეეხება პრობლემებს. ევროკავშირთან ამ საკითხზე ჩვენ არაერთი დიალოგი გვქონდა ყველა უწყების დონეზე. საზოგადოებამ კარგად იცის ამ შემთხვევაში პრობლემა რა არის. ეს უკანონო მიგრაციაა. რა თქმა უნდა, ჩვენი მოვალეობაა, რომ ის წესები და შეთანხმება დავიცვათ, რომელიც ევროკავშირთან გვაქვს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.