არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ტალახის სროლითაა დაკავებული, მოვუწოდებ, დაიხედონ ხელებზე
სალომე ზურაბიშვილს აქვს გამოცდილება და ქვეყნის განვითარების საინტერესო ხედვა, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომელიც დღეს გურიაში დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ამომრჩევლებთან შეხვედრაში მონაწილეობდა.
არჩილ თალაკვაძემ შეხვედრების შეფასებისას დღეს მომხდარ ინციდენტებზეც გაამახვილა ყურადღება.
„ამ შეხვედრებმა რადიკალურად შემოატრილა მიდგომები, რომელიც სამწუხაროდ, ზოგ შემთხვევაში, ჩვენი ოპონენტების მხრიდან არასწორი ინფორმაციის გავრცელებით იყო შექმნილი. სალომე ზურაბიშვილს აქვს გამოცდილება და საინტერესო ხედვა ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ინციდენტებს, „ნაციონალური მოძრაობა“ ტალახის სროლითაა დაკავებული. მოვუწოდებ მათ, დაიხედონ ხელებზე“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
გურიაში – ურეკში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში დღეს სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩევლებთან შეხვედრები გამართა. ლანჩხუთში მას რამდენიმე ადამიანისგან შექმნილი ჯგუფი ტრანსპარანტებითა და აქციით დახვდა, რასაც მცირე ხმაური მოჰყვა.