არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ მთელი სიჩქარით მიემართება პოლიტიკურ თავდაღმართში, ამ პარტიასთან დაკავშირებული სიტუაცია უკვე ანეკდოტურია
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სერიოზულ პოლიტიკასთან კავშირი დაკარგული აქვს.
თალაკვაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ ვითარებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მთელი სიჩქარით მიემართება პოლიტიკურ თავდაღმართში.
„ამ პარტიასთან დაკავშირებული სიტუაცია უკვე ანეკდოტურია. ისინი გვემუქრებოდნენ მთავრობის გადაყენებით და გადააყენეს საკუთარი პარტიის თავმჯდომარე, გვემუქრებოდნენ რიგგარეშე არჩევნებით და თავიანთ პარტიაში ჩაატარეს, გვაკრიტიკებდნენ, თითქოს მთელ ხელისუფლებას ოლიგარქი აფინანსებს და საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მათ პარტიას ოლიგარქი კეზერაშვილი აფინანსებს. ამიტომ, რა იქნება მორიგი პოლიტიკური ანეკდოტი ამ პარტიის მხრიდან, ალბათ საზოგადოებისთვის ცხადია. ნიკა მელია გადააყენა ხაბეიშვილმა, შემდეგ სერიაში კი ხაბეიშვილს გადააყენებს მელია, ალბათ შემდეგ სერიაში რომელიმე ხაბეიშვილი გადააყენებს მელიას – ისინი თამაშობენ პოლიტიკურ აიწონა-დაიწონას და სერიოზულ პოლიტიკასთან მათ პარტიას კავშირი დაკარგული აქვს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ არ გამორიცხა, ამომრჩევლისგან დადგეს კითხვები „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ცრუ დაპირებების შემდეგ პრობლემები იქმნება. ამასთან, პარტიის წევრმა ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ „თბილისში ოფისი გაიხსნა იმ მძიმე რეალობიდან გამომდინარე, რომელიც დღის წესრიგში დადგა არა პარტიის თავმჯდომარის არჩევნების, არამედ უსამართლოდ ჩატარებული ყრილობის შემდეგ, რამაც პარტია პრაქტიკულად ორად გაყო“.