ბაჩო დოლიძე - ცრუ დაპირებებით როცა მოდიხარ, შემდეგ პრობლემები იქმნება, არ გამოვრიცხავ, ჩვენი ამომრჩევლისგან ეჭვქვეშ დადგეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლეგიტიმაცია
ბაჩო დოლიძე - ცრუ დაპირებებით როცა მოდიხარ, შემდეგ პრობლემები იქმნება, არ გამოვრიცხავ, ჩვენი ამომრჩევლისგან ეჭვქვეშ დადგეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლეგიტიმაცია

დაუკეტეს კარი ყველას, ვინც არ იზიარებდა მათ პოლიტიკას, ჩვენ არ გვყავს დასაკარგი ხალხი და, ბუნებრივია, რომ ოფისი გაიხსნა, ეს გაძლიერებისთვის კეთდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ ახალი ოფისის გახსნის თაობაზე ნიკა მელიასა და მისი თანამოაზრეების გდაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

დოლიძის თქმით, ცრუ დაპირებების შემდეგ იქმნება პრობლემები და არ გამორიცხავს, რომ ამომრჩევლისგან დადგეს კითხვები „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით.

„სამწუხაროდ, საერთოდ არავითარი კომუნიკაცია არ ყოფილა, არა მარტო ჩვენთან მიმართებაში, ვინც წინა ხაზზე ვიყავით, თითოეულ ადამიანს, რომელიც არ იზიარებდა მათ პოლიტიკას, ყველას დაუკეტეს კარები. ჩვენ არ გვყავს დასაკარგი ხალხი და აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ ოფისი გაიხსნა, ეს გაძლიერებისთვის კეთდება. მინდა, შევახსენო, მე რომ ანალოგიური კამპანია მეწარმოებინა და მეთქვა, რომ ჩემი არჩევის შემდგომ ორ დღეში მიხეილ სააკაშვილს გავათავისუფლებ, ამას, იმას ვიზამ, თუ დასჭირდა, ძალისმიერი მეთოდით, მანდ ნებისმიერი გაიმარჯვებდა. შესაბამისად, როდესაც ეს არ კეთდება, არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენი ამომრჩევლისგან დადგეს კითხვები ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით, რადგან, ზოგადად, ცრუ დაპირებებით როდესაც მოდიხარ, მერე იქმნება პრობლემები“, – აღნიშნა ბაჩო დოლიძემ „რუსთავი 2“-თან საუბრისას.

კითხვაზე, – „ახალი პარტიის შექმნის ნაცვლად, შეიძლება ვიხილოთ ახალი არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში?“ – ბაჩო დოლიძე პასუხობს, რომ არაფერს გამორიცხავს.

„არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენი ამომრჩევლის მხრიდან ეჭვქვეშ დადგეს ეს ლეგიტიმაცია“, – აცხადებს ბაჩო დოლიძე.