არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, თავისი მიზნებისთვის გამოიყენოს კონკრეტული მოქალაქის ინტერესები
„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, თავისი მიზნებისთვის გამოიყენოს კონკრეტული მოქალაქის ინტერესები და მისი როლი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრს, თინა ბოკუჩავას დაგეგმილ ბრიფინგთან დაკავშირებით მასთან კომუნიკაცია არ ჰქონია.
„ეს არის სუფთა ვიწრო პარტიული ბრიფინგი, სადაც ეს კონკრეტული პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, თავისი ინტერესებისთვის გამოიყენოს კონკრეტული მოქალაქის ინტერესები და მისი როლი. მე პირადად მიმაჩნია, რომ ასეთი ბრიფინგების ადგილი არის მათი პარტიული ოფისი. არავის შეხვედრების პრობლემა არ აქვს, პრობლემა არის ის, რომ ეს ადამიანი და უფრო დავალების მიმცემები, რომლებიც მას მართავენ, ცდილობენ, ამ საკითხის გამოყენებას პოლიტიკური მიზნებისთვის და ჩვენ მას ამის საშუალებას არ მივცემთ. თუ მათ უნდათ, პოლიტიკური ბრიფინგების ჩატარება, ამისთვის არსებობს მათი პარტიის ოფისი და ჩაატარონ. პირდაპირ გეტყვით, არ განვიხილავთ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მალხაზ მაჩალიკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ თინა ბოკუჩავასთან ერთად პარლამენტის შენობის შესასვლელთან იმყოფებოდა და საკანონმდებლო ორგანოში შესვლას ითხოვდა.
მათი თქმით, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ბრიფინგის გამართვა უნდოდათ.
დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტის შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
მოგვიანებით, აღნიშნულ საკითხზე თინა ბოკუჩავასა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა მდინარაძის სამუშაო კაბინეტთან.