არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ არის დაშლილი და ამას ვერაფერი გადაფარავს, სჯობს, 9 აპრილამდე თავიანთ პრობლემებს მიხედონ, ისინი იყვნენ სიტყვით ევროპელები, საქმით კი - ანტიევროპელები
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც საქართველოში ყველაფერი ევროპული დაასამარა და ოპოზიციაში ყოფნის დროს მხარი არ დაუჭირა არც საქართველოს ევროპული არჩევანის კონსტიტუციაში შეტანას და არც ევრორეკომენდაციით გათვალისწინებულ არცერთ რეფორმას.
არჩილ თალაკვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 9 აპრილისთვის დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა.
თალაკვაძის განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა არის პოლიტიკური აფიორა და ცინიკური განცხადება.
„საზოგადოებამ კარგად იცის, „ნაციონალური მოძრაობა“ და ევროპა რამდენად შორს არიან ერთმანეთისგან. შესაბამისად, მათი მოთხოვნები ცინიკურად გამოიყურება. მათ მორალური უფლება არ აქვთ, რომ ასეთი მოთხოვნები დააყენონ. ისინი სპეკულირებენ და იმ ადამიანების სახელით საუბრობენ, ვისაც მათთვის უფლება არ მიუციათ, საზოგადოების სახელით დააყენონ მოთხოვნები. სჯობს, საპარლამენტო არჩევნებისთვის მოემზადონ. მათი რეიტინგი უკიდურესად დაბალია, პარტია არის დაშლილი და ამას ვერაფერი გადაფარავს. სჯობს, 9 აპრილამდე თავიანთ პრობლემებს მიხედონ. ისინი იყვნენ სიტყვით ევროპელები, საქმით – ანტიევროპელები, როცა აწამებდნენ ადამიანებს, ხურავდნენ მედიას, სახლებიდან მესაკუთრეებს ყრიდნენ განსხვავებული აზრისთვის. ეს იყო მათი პოლიტიკური ბიოგრაფია, ამას აკეთებდნენ ევროპის სახელით. სწორედ ამიტომ შევიდნენ ისტორიაში, როგორც პარტია, რომელმაც საქართველოში ყველაფერი ევროპული დაასამარა. ახლა წამოიწყეს პოლიტიკური ფარისევლობა, რომ თავისი თავი დაუკავშირონ 9 აპრილს და ისეთ თემებს, რომლებიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეხება. ისინი საზოგადოებას ვერ მოატყუებენ“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა, 9 აპრილს, 17:00 საათზე რუსთაველის გამზირზე შეიკრიბონ.
ხაბეიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია მოქმედება, რათა ხელისუფლებამ ევროკავშირის 12 რეკომენდაცია შეასრულოს. ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას 9 აპრილამდე აძლევენ დროს, რათა ანახონ საზოგადოებას, რომ იწყებენ ყველა რეკომენდაციის შესრულებას.