არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს მძიმე პოლიტიკური პასუხისმგებლობა, როდესაც წლის განმავლობაში 340-ზე მეტი ადამიანი კვდებოდა სასჯელაღსრულების სისტემაში
ცხვრის ქურქში გადაცმული „ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს პატიმრების უფლებების დაცვას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
არჩილ თალაკვაძის თქმით, როდესაც პარლამენტს უცხადებ ბოიკოტს, არ უნდა ითხოვდე შერჩევითად სხვადასხვა უფლებამოსილების განხორციელებას.
„მინდა დაგარწმუნოთ, რომ შერჩევით საკითხთან არ მქონია არანაირი დამოკიდებულება. ამ პერიოდის განმავლობაში, როდესაც მათ არ ეძლევათ საშუალება სასჯელაღსრულების სისტემაში შესვლის, ანალოგიურად არ ეძლევა ამ პარლამენტის არც ერთ დეპუტატს, თუმცა სხვებსაც აქვთ ასეთივე მოთხოვნები.
ბოიკოტთან ერთად, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ითხოვდნენ, რომ პარლამენტი უნდა იყოს ბლოკირებული, პარლამენტი არ არის ლეგიტიმური. პარლამენტის მუშაობის შეჩერებას ცდილობდნენ ისინი კანონის დარღვევით და სწორედ ამაზე გეუბნებით. პოლიტიკური საკითხია, თუ პარლამენტთან გაქვს ასეთი დამოკიდებულება, მაშინ ბიუროს სხდომებზე, კომიტეტში გაწევრიანებებს აღარ უნდა ითხოვდე. არ უნდა შემოდიოდე და არ უნდა ითხოვდე შერჩევითად სხვადასხვა უფლებამოსილების განხორციელებას. რაც შეეხება მემკვიდრეობას, თუ დაუკვირდით, კორექტულად ვუთხარი, პარტიას აქვს ეს პასუხისმგებლობები, რომელიმეს სახელი და გვარი არ გამომიყვია ცალკე. ძალიან კარგად ვიცი, როდის რა უნდა ვუთხრა ჩემს ოპონენტებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ზღვარგადასული ქცევით გამოირჩეოდნენ დღეს, მე გეუბნებით, რომ მათ პოლიტიკურ პარტიას აქვს ეს მძიმე პოლიტიკური პასუხისმგებლობა როდესაც წლის განმავლობაში 340 ზე მეტი ადამიანი კვდებოდა სასჯელაღსრულების სისტემაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს მძიმე პოლიტიკური პასუხისმგებლობა, როდესაც წლის განმავლობაში 340-ზე მეტი ადამიანი კვდებოდა სასჯელაღსრულების სისტემაში.
„1000-ზე მეტი ავადდებოდა ტუბერკულოზით, იხოცებოდნენ ადამიანები ცე ჰეპატიტით, იგებდნენ საქმეებს სტრასბურგში და, სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილებებიც კი არ იყო ყურადღებით შესმენილი. დღეს, იგივე ხალხი, უკვე ცხვრის ქურქებში გადაცმულები, ითხოვენ პატიმრების უფლებების დაცვას. თან ხომ არ გგონიათ, რომ საერთოდ პატიმრების უფლებებზე სწუხან, სავარაუდოდ, როგორც აქ იკვეთება, ისინი სწუხან ძირითადად იმ ადამიანების გამო, ვისზეც აქვთ პოლიტიკური ინტერესი. ამ შემთხვევაში მშობლები და მათი შვილები, რომლებიც არ არიან პოლიტიკოსები, მათ გამოიყენეს ამ პოლიტიკური ეპატაჟისთვის და ამ პოლიტიკური ცირკისთვის რაც დღეს აქ ვნახეთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, როგორც კი ნორმალური პოლიტიკური პროცესი აღდგება, ყველას, ვისაც ეკუთვნის, ექნება საშუალება შევიდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში,
„თუმცა ეს არის ჩემი, როგორც თავმჯდომარის გადასაწყვეტი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ხმაური იყო. ბიუროს სხდომაზე მივიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა და „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი, რომლებიც პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან. თინა ბოკუჩავამ არჩილ თალაკვაძისგან მოითხოვა პასუხი, შეუშვებდნენ თუ არა ოპოზიციის წარმომადგენლებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 20 ივნისის აქციის დროს დაკავებულების მოსანახულებლად. თინა ბოკუჩავას თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე მათ ამ უფლებას უზღუდავს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ ბიუროს დღის წესრიგი დახია.