არჩილ თალაკვაძე - მზად ვართ, ოპოზიციასთან ერთად გავაკეთოთ საარჩევნო რეფორმა, რაზეც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშშია საუბარი
მზად ვართ, ოპოზიციასთან ერთად გავაკეთოთ საარჩევნო რეფორმა, რაზეც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშშია საუბარი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წლიური ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ანგარიშში აღნიშნული რეკომენდაციები ემთხვევა „ქართული ოცნების“ გეგმებს საარჩევნო რეფორმის კუთხით.
„ყველამ ნახეთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშში შავით თეთრზე წერია, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულად, ფუნდამენტური უფლებების დაცვით. ჩვენთვის ასევე საინტერესოა რეკომენდაციები, რომელიც ამ ანგარიშშია მოცემული და ის ზუსტად ემთხვევა იმ გეგმებს, რაც ჩვენ საარჩევნო რეფორმის თვალსაზრისით გვაქვს. ამიტომ ეს ის საკითხებია, რაზეც ოპოზიციასთან კონსენსუსი მიღწეულია. ზუსტად ამიტომ ვფიქრობთ, რომ ამ რეფორმისთვის ნამდვილად ღირს, ოპოზიციამ გადადგას ის ნაბიჯები, რაც პარლამენტში შესვლას უკავშირდება. ჩვენ მზად ვართ, მათთან ერთად გავაკეთოთ რეფორმა, რომელზეც ასევე ამ ანგარიშშია საუბარი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და ფუნდამენტური უფლებები იყო დაცული.