არჩილ თალაკვაძე - მტკიცებულებები ხელთ არ მაქვს და გამიჭირდება, ვინმე კორუფციაში დავადანაშაულო
მტკიცებულებები ხელთ ნამდვილად არ მაქვს და გამიჭირდება, ვინმე კორუფციაში დავადანაშაულო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა ჟურნალისტების კითხვაზე, რომელიც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძისა და დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიას ურთიერთბრალდებებსა და დაპირისპირებას ეხებოდა.
არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ თუ კორუფციასთან დაკავშირებით ვინმეს კონკრეტული ფაქტები აქვს, აღნიშნული გარემოებები შესაბამისმა უწყებებმა უნდა შეაფასონ.
„ამ ფაქტებზე ინფორმირებული არ ვარ. იმედია, კითხვებს პასუხი გაეცემა. თუ ვინმეს ფაქტები აქვს, არ მგონია, ამას პასუხი მედიაში განხილვებით გაეცეს. თუ მტკიცებულებები არსებობს, ამაზე შეფასება პოლიტიკურ განცხადებებში პარლამენტის თავმჯდომარემ კი არ უნდა გააკეთოს, ეს გარემოებები შესაბამისმა ინსტიტუტებმა უნდა შეაფასონ. ასეთი მტკიცებულებები ხელთ ნამდვილად არ მაქვს და გამიჭირდება, ვინმე კორუფციაში დავადანაშაულო. რამე სახის მტკიცებულებები არ მაქვს კორუფციულ ფაქტებზე. როცა ასეთი მტკიცებულებები მაქვს, კანონის შესაბამისად ვმოქმედებ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
სოფო კილაძემ დღეს განაცხადა, რომ უკვირს, რატომ არ გადადგა გენერალურმა პროკურატურამ აქამდე შესაბამისი ნაბიჯები ეკა ბესელიას მიმართ მის შესაძლო კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით. დეპუტატის თქმით, ის ვალდებულია, შესაბამის უწყებებს მიაწოდოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია, თუ დაინტერესდებიან.
ეკა ბესელიამ კი, სოფო კილაძე ცრუ ინფორმაციების გავრცელებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ კილაძეს ამისთვის პასუხს მოსთხოვს.