ეკა ბესელია - ცრუ ინფორმაციების გავრცელებისთვის კილაძეს პასუხს მოვთხოვ
ეკა ბესელია - ცრუ ინფორმაციების გავრცელებისთვის კილაძეს პასუხს მოვთხოვ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პირველი ოთხი წლის განმავლობაში უდიდესი საქმე გააკეთა და სოფო კილაძეს დახვდა ყველა დონორისა და საერთაშორისო პარტნიორის მიერ აღიარებული საუკეთესო კომიტეტი, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის, სოფო კილაძის განცხადებებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.

ეკა ბესელია სოფო კილაძეს ცრუ ინფორმაციების გავრცელებაში ადანაშაულებს.

„სოფო კილაძემ კომიტეტში საქმიანობა დაიწყო „ქართული ოცნების“ პირველი თანამებრძოლების, რამდენიმე ადამიანის გათავისუფლებით კომიტეტის აპარატიდან. ოთხ ადამიანს დაუძახა და უთხრა, რომ განცხადებები დაეწერათ და იქიდან გაყარა. ერთი სასამართლო დავა გრძელდება, მისი და ფოლადიშვილის, სადაც კილაძეს ედავებიან დისკრიმინაციაში, ეს დავა არ დასრულებულა. თუ რამეს გამო მქონდა პროტესტი მის მიმართ, ამ ფაქტების გამო. ხელისუფლებაში, მათ შორის დეპუტატები კორუფციაში არიან ჩაფლული და ამაზე თავად ვსაუბრობდი უმრავლესობის სხდომაზე. კილაძე ამ ისტორიას მერამდენედ თხზავს, რამდენიმე თვის წინ ხომ ისაუბრა“, – განაცხადა ბესელიამ.

დამოუკიდებელი დეპუტატი ამბობს, რომ სოფო კილაძემ მის მიმართ ბრალდებებზე ფაქტები უნდა დაასახელოს.

„ფაქტი დაასახელოს, რა მოიძია, რა დაადგინა, რა ფაქტზე ლაპარაკობს? ბოდვას და სამარცხვინო როლში ყოფნას თავი დაანებოს. ბიძინა ივანიშვილმა კი არ გააჩერა იმ სხდომაზე და უთხრა, სისულელეებს რომ ლაპარაკობდა, ვერავინ გაიგო რას ამბობდა, თავისმა კოლეგებმა დასცინეს და უთხრეს, რომ ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის” ნარატივი, რითაც საუბრობდნენ წლების განმავლობაში ჩემს წინააღმდეგ. როგორ შეიძლება, კილაძემ რამე კორუფციულ გარიგებაზე ილაპარაკოს, როცა ნახევარი ხელისუფლება კორუფციაშია ჩაფლული. მინდა, კილაძესაც და სხვებსაც მოვუწოდო, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ფორმალურად მაინც დაკავდეს და ერთ-ერთი საქმე, რომლის გამოუძიებლობის თემაც ყველაზე ცუდად გამოიყურება ხელისუფლებისთვის, არის ჩემს წინააღმდეგ დაწყებული მორალური შეტევის საშინელი ფაქტი. კითხვები დასვას, ერთი წელი ხდება 27 იანვარს და დღემდე არაა გამოძიებული. ეს კვალი უმრავლესობასთან მიდის“, – განაცხადა ბესელიამ.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, თუ ერთი წლის თავზე ამ საქმეზე პირველწყარო არ იქნება პასუხისგებაში მიცემული, ის პირდაპირ დაადანაშაულებს მმართველ პარტიას და კონკრეტულ პირებს მის წინააღმდეგ მორალურ შეტევაში.

„ამიტომ, თავიანთ კორუფციას, დალაგებულ უკანონო ტენდერებს მიხედონ, თავიდან ფეხებამდე რომ კორუფციაში არიან ჩაფლული. ჩემსკენ ხელის გაშვერას თავი დაანებონ.

თავად კილაძეა კორუფციაში ჩაფლული. ის და მისი კლანის ლობისტები. ცრუ ინფორმაციების გავრცელებისთვის კილაძეს პასუხს მოვთხოვ. კეთილი ინებოს, ფაქტებით ისაუბროს. გაცილებით მეტი ინფორმაცია მაქვს, ვიდრე კილაძეს დაესიზმრება. ჯერ არ მითქვამს და ამის დროც მოვა. რაც შეეხება პირად მტრობას, არც მანამდე და არც ახლა წარმოადგენს რამეს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

სოფო კილაძემ დღეს განაცხადა, რომ უკვირს, რატომ არ გადადგა გენერალურმა პროკურატურამ აქამდე შესაბამისი ნაბიჯები ეკა ბესელიას მიმართ მის შესაძლო კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით. დეპუტატის თქმით, ის ვალდებულია, შესაბამის უწყებებს მიაწოდოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია, თუ დაინტერესდებიან.