არჩილ თალაკვაძე - მთავარი პროკურორობის კანდიდატის შერჩევაში მონაწილეობაზე უარის თქმა პასუხისმგებლობისთვის თავის არიდებაა
არჩილ თალაკვაძე - მთავარი პროკურორობის კანდიდატის შერჩევაში მონაწილეობაზე უარის თქმა პასუხისმგებლობისთვის თავის არიდებაა

მთავარი პროკურორობის კანდიდატის შერჩევის პროცესში მონაწილეობაზე წინასწარ უარის თქმა პასუხისმგებლობისთვის თავის არიდებაა, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებას, რომლის მიხედვითაც თუ თეა წულუკიანი არ გადადგება, მთავარი პროკურორობის კანდიდატის შერჩევის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ.

როგორც არჩილ თალაკვაძე აღნიშნავს, მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი კანონმდებლობით არის გაწერილი და მას ყველამ პატივი უნდა სცეს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ხაზს უსვამს, რომ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში იუსტიციის სამინისტროს გარდა, საპროკურორო საბჭო და მთავრობაც არის ჩართული.

„მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი კანონმდებლობით არის განსაზღვრული, რასაც ყველამ პატივი უნდა სცეს და პროცესი ისე წარიმართოს, როგორც განსაზღვრულია. ამაში მონაწილეობს იუსტიციის სამინისტრო, საპროკურორო საბჭო, საქართველოს მთავრობა და საქართველოს პარლამენტი. როგორც ხედავთ, არ არის მხოლოდ იუსტიციის სამინისტრო. ჩვენ უკვე დავიწყეთ კომუნიკაცია საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან, იმ მხარეებთან, რომლებიც არიან ამ კონსულტაციების ნაწილი, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასთან. შესაბამისად, თუ სამოქალაქო საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ გარკვეული მოსაზრებები კანდიდატურასთან დაკავშირებით და შერჩევის პროცესში სურთ მონაწილეობა, ამის შესაძლებლობა არსებობს. ვფიქრობ, წინასწარ უარის თქმა პროცესში მონაწილეობაზე, ეს არის პასუხისმგებლობისგან თავის არიდება“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ათამდე არასამთავრობო ორგანიზაციამ იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადადგომა მოითხოვა. როგორც არასამთავრობოების წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, თუ თეა წულუკიანი არ გადადგება, მთავარი პროკურორობის კანდიდატის შერჩევის პროცესში არ ჩაერთვებიან.