არჩილ თალაკვაძე - მოვუწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას, მაია ოთინაშვილის სავარაუდო ცემის ფაქტზე ინფორმაცია გადაამოწმოს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე რუსი სამხედროების მიერ დაკავებული მაია ოთინაშვილის სავარაუდო ცემის ფაქტთან დაკავშირებით საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს მიმართავს და დაუყოვნებლივ გადამოწმებისკენ მოუწოდებს.
„ომბუდსმენმა მოგვაწოდა შემაშფოთებელი ინფორმაცია, რომ მაღალი ალბათობით, მაია ოთინაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობა განხორციელდა, ის სავარუდოდ, ნაცემია. ამასთან დაკავშირებით მოვუწოდებთ სადამკვირვებლო მისიას, ასევე დამოუკიდებელ დამკვირვებლებს, გადაამოწმონ ინფორმაცია და უზრუნველყონ მისი უსაფრთხოების დაცვა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ამასთან, უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ ფაქტზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება, საქართველოს ხელისუფლება კი აქტიურ რეჟიმში მუშაობს, რათა მაია ოთინაშვილი ოჯახს უსაფრთხოდ და რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს.
„ჩვენ ყველა ზომას ვიღებთ და კიდევ უფრო გავაძლიერებთ ძალისხმევას, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, ჩვენი პარტნიორები, მაქსიმალურად ჩავრთოთ საკითხში, რათა დროული რეაგირება მოჰყვეს ამ შემაშფოთებელ ფაქტს. როგორც ხედავთ, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გრძელდება ჩვენი მოქალაქეების გატაცების პრაქტიკა, ეს არის ძალიან მძიმე დარღვევა ადამიანის უფლებების, რაზეც პასუხისმგებელი არის რუსეთის ფედერაცია. საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისთვის ვერ შეაჩერებს ესეთი აქტები. იმედი მაქვს, საერთაშორისო საზოგადოებას ამაზე ძალიან მკაცრი რეაგირება ექნება. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ მაია ოთინაშვილი დროულად დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
არჩილ თალაკვაძე რუსი სამხედროების მიერ დაკავებული მაია ოთინაშვილის სავარაუდო ცემის ფაქტთან დაკავშირებით საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს მიმართავს და მომხდარის დაუყოვნებლივ გადამოწმებისა და რეაგირებისკენ მოუწოდებს.
საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ ოჯახის ინფორმაციით, რუსი სამხედროების მიერ დაკავებული მაია ოთინაშვილი ნაცემია.
რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში მცხოვრები 37 წლის ქალი 29 სექტემბერს დააკავეს. ცხინვალიდან მიღებული ბოლო ინფორმაციით, მაია ოთინაშვილს 10-დღიანი ე.წ. წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.