არჩილ თალაკვაძე - მოლოდინი მაქვს, რომ ვენეციის კომისიასა და საქართველოს პარლამენტს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ ერთხელ შედგება
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნასა და რეკომენდაციებს არა უგვიანეს ხვალ, დღის ბოლომდე ველოდებით, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, კანონპროექტის მეორე მოსმენით კენჭისყრამდე ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებული იქნება.
„ვენეციის კომისია ინფორმირებულია, რომ მიმდინარე სასესიო კვირაში ჩვენ ამ საკანონმდებლო პაკეტს განვიხილავთ. არა უგვიანეს ხვალ, დღის ბოლომდე ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნასა და რეკომენდაციებს. უკვე პლენარულ სხდომაზე, კანონპროექტის მეორე მოსმენით კენჭისყრამდე ჩვენ ყველა იმ რეკომენდაციას გავითვალისწინებთ, რომლის შესაძლებლობასაც ჩვენი კონსტიტუცია მოგვცემს. მოლოდინი მაქვს, რომ კიდევ ერთხელ ვენეციის კომისიასა და საქართველოს პარლამენტს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა შედგება. პირობა როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე მათი მხრიდან დაცული იქნება ისე, როგორც ჩვენს შორის იყო ეს შეთანხმება“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, არაობიექტურია საუბარი იმაზე, რომ მმართველმა გუნდმა იჩქარა.
„უკვე ოთხ თვეზე მეტია, ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით ვმსჯელობთ ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად. ეს ოთხი თვე სასამართლოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი დროა. შესაბამისად, პირობა, რომელიც ვენეციის კომისიასთან იყო ჩვენი მხრიდან, ძალაშია და მიმდინარე პლენარულ სხდომაზე ამ რეკომენდაციების გათვალისწინება მოხდება“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
მისი თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით ოპოზიციასთან განხილვა აუცილებლად იქნება. როგორც არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, ამის შესაძლებლობას რეგლამენტი იძლევა.
ამასთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებიან, მაისურებზე წარწერით – „კლანი უნდა წავიდეს“.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებსა და არჩევის წესს განსაზღვრავს. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი ხუთ ეტაპად წარიმართება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევას იუსტიციის უმაღლესი საბჭო იწყებს, ვაკანსიაზე განცხადებების მიღება კი, შერჩევის პროცედურის დაწყებიდან ოთხი კვირის განმავლობაში მოხდება. ცვლილებების თანახმად, კონკურსში მონაწილება შეუძლიათ მოქმედ მოსამართლეს ხუთწლიანი პროფესიული გამოცდილებით, ასევე ყოფილ მოსამართლეს პროფესიული მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილებით, მაგრამ მისი სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 წელი არ უნდა იყოს გასული. ასევე, კონკურსში ჩართვის უფლება ექნება სამართლის დარგის გამორჩეული კვალიფიკაციის სპეციალისტს, რომელსაც სპეციალობით მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება აქვს და ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.
ამასთან, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ საჯარო მოსმენაზე კანდიდატები წარდგებიან ინდივიდუალურად და იუსტიციის საბჭოს წევრებს უფლება ექნებათ, თითოეულ კანდიდატს კითხვით მიმართონ. ცვლილებებით კონკრეტდება, რომ თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი იმავდროულად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ის არც ერთ ეტაპზე ხმის მიცემის უფლებით არ სარგებლობს.
ინიციატივის მიხედვით, კანდიდატების კანონმდებლობასთან შესაბამისობას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დაადგენს, რომელიც ამ მიზნით სამუშაო ჯგუფს შექმნის. კომიტეტი საჯარო სხდომაზე თითოეულ კანდიდატს მოუსმენს, კანდიდატები კი, დეპუტატთა კითხვებს უპასუხებენ. ამასთან, ცვლილებებით ზუსტდება, რომ პარლამენტი მოსამართლეობის კანდიდატებს პლენარულ სხდომაზე ცალ-ცალკე უყრის კენჭს.
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტს პირველი მოსმენით 20 მარტს დაუჭირა მხარი.