არჩილ თალაკვაძე - მინისტრს, რომელსაც დიდი პასუხისმგებლობა ჩაბარდა, უნდა მიეცეს შესაძლებლობა, საკადრო გადაწყვეტილებები მიიღოს
მინისტრს, რომელსაც დიდი პასუხისმგებლობა ჩაბარდა და ნდობა გამოუცხადა პარლამენტმა, უნდა მიეცეს შესაძლებლობა, საკადრო გადაწყვეტილებები მიიღოს, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებას.
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს არის საკადრო ცვლილებები, რომელსაც მინისტრი ახორციელებს. მან თავიდანვე დააანონსა, რომ ცვლილებები იქნებოდა განათლების სამინისტროში.
მიმაჩნია, რომ მინისტრს, რომელსაც დიდი პასუხისმგებლობა ჩაბარდა და ნდობა გამოუცხადა პარლამენტმა, უნდა მიეცეს შესაძლებლობა, საკადრო გადაწყვეტილებები მოიღოს.
რაც შეეხება გათავისუფლებულ ადამიანებს, მხოლოდ და მხოლოდ მინდა მადლობა გადავუხადო გაწეული სამუშაოსთვის -“ განაცხადა არჩილ თალკვაძემ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა დღეს მოადგილეები თემურ მურღულია და ლია გიგაური, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი, პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი მაჩაბელი და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მანანა მიქაბერიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.