არჩილ თალაკვაძე - დანიელსონისგან შემოთავაზებულ დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნების საკითხი არ ყოფილა, რაც ნიშნავს, რომ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი არ განხილულა
არჩილ თალაკვაძე - დანიელსონისგან შემოთავაზებულ დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნების საკითხი არ ყოფილა, რაც ნიშნავს, რომ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი არ განხილულა

ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი მმართველი ძალა, რომელიც ერთგულია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ ის ფუნდამენტური რეფორმები, რაც დღეს იყო შემოთავაზებული დოკუმენტში, ჩვენი პირადი პასუხისმგებლობით რაციონალურად განვახორციელოთ საქართველოს პარლამენტში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კრისტიანის დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნების საკითხი მოცემული არ იყო.

„პირველ რიგში მსურს, რომ მადლობა გადავუხადო ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს იმ ჩართულობისთვის და მხარდაჭერისთვის, რაც დავინახეთ კიდევ ერთხელ ამ დიალოგის ფარგლებში. მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ოპოზიცია არ დაეთანხმა, მათ ვერ გამოხატეს მზადყოფნა და პასუხისმგებლობა ამ დოკუმენტის ხელმოსაწერად, რაც სამწუხაროა და ამან ხელი შეუშალა შეთანხმებას,  პოლიტიკური დიალოგის დასრულებას. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი მმართველი ძალა, რომელიც ერთგულია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, ასევე ერთგულია ემსახუროს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებს, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია არ დაეთანხმა მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს, გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ ის ფუნდამენტური რეფორმები, რაც დღეს შემოთავაზებულ დოკუმენტში იყო მოცემული განვახორციელოთ რაციონალურად საქართველოს პარლამენტში ჩვენი პირადი პასუხისმგებლობით.

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი რაც მოხდა არის ის, რომ მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნების საკითხი არ იყო მოცემული, რაც ნიშნავს იმას, რომ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის თემა დიალოგში, როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე მედიატორის მხრიდან არ იყო განხილული, ამის დამატებას ითხოვდა ოპოზიცია და ეს იყო ის ერთ-ერთი საკითხი, რის გამოც მათ დღეს ხელი არ მოაწერეს შეთანხმებას. „ქართული ოცნება“, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ ხელი არ მოაწერა მედიატორის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს, გამოხატავს სრულ მზადყოფნას, რომ რეფორმები, რომლებიც ამ დოკუმენტში იყო მოცემული განახორციელოს პარლამენტში“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა დღეს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ პარტიებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.

ამასთან, ევროკავშირის მედიატორმა კრისტიან დანიელსონმა დღეს გამოაქვეყნა წინადადებები, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა.