არჩილ თალაკვაძე - მაიკ პომპეომ ხაზგასმით თქვა, რომ საქართველოში დემოკრატიის პროგრესს მიესალმება და საქართველო დემოკრატიას სწორი გზით ავითარებს
მაიკ პომპეომ ხაზგასმით თქვა, რომ საქართველოში დემოკრატიის პროგრესს მიესალმება და საქართველო დემოკრატიას სწორი გზით ავითარებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბახტაძეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა.
„ამერიკასთან საქართველოს თანამშრომლობა ძალიან მაღალ ნიშნულზეა და ძალიან მნიშვნელოვანია ის გზავნილები, რაც ბატონმა პომპეომ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მან სასამართლოს რეფორმის მეოთხე ტალღას პრაქტიკულად მხარი დაუჭირა, ვინაიდან თქვა, რომ ეს რეფორმები არის ძალიან მნიშვნელოვანი. მან ასევე მკაფიოდ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, როდესაც თქვა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე მტკიცე მხარდაჭერა ექნება. ბატონმა პომპეომ ხაზგასმით თქვა, რომ საქართველოში დემოკრატიის განვითარებასა და პროგრესს მიესალმება და საქართველო თავის დემოკრატიას სწორი გზით ავითარებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილებია. ჩვენთვის ამერიკის შეერთებული შტატები სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარია და თითოეულ გზავნილსა და შეფასებას, რომელსაც ამერიკა ჩვენს მიმართ აკეთებს, ზუსტად ასეთი მიდგომა აქვს ჩვენი მხრიდან, რომ ეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისა და მეგობრის შეფასება და მხარდაჭერაა“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, მაიკ პომპეომ ასევე ძლიერი გზავნილი გააჟღერა ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.
„მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მიმდინარეობს. ასევე, ნახეთ პომპეოს განცხადება ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, სადაც ერთი ერთში თანხვედრაშია ჩვენი და ამერიკის შეერთებული შტატების ხედვები, რომ ეს არის, ერთის მხრივ, ძლიერი ეკონომიკური პროექტი და მეორე მხრივ, საქართველოსთვის სტრატეგიული პროექტია. ამიტომ ხელისუფლება განაგრძობს ანაკლიის პორტის მხარდაჭერას და ამ პროექტში მონაწილეობას, რათა ანაკლიის პორტი წარმატებით განხორციელდეს. ანაკლიის პორტის მიმართ ორი მიზიდულობის ფაქტორი არსებობს. ერთი, ის მიმზიდველია ყველასთვის, როგორც ეკონომიკური პროექტი და მეორე, ის ყურადღების ცენტრშია, როგორც საქართველოსთვის გეოსტრატეგიული პროექტი. სწორედ ამიტომ, საქართველომ თავის პარტნიორებთან ერთად დაიწყო ამ პროექტის განხორციელება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველა ბარიერს ერთად გადავლახავთ და ანაკლიის ბანკის პროექტი წარმატებით განხორციელდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ სასამართლო სისტემისა და არჩევნების შესახებაც ისაუბრა. „მამუკა ბახტაძესთან შეხვედრაზე წავახალისე საქართველოს მისწრაფება, გააუმჯობესოს სასამართლო სისტემა და უზრუნველყოს დემოკრატიული არჩევნები“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. ამასთან, პომპეოს თქმით, მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო დაასრულებს პორტის მშენებლობის პროექტს.