არჩილ თალაკვაძე - ხელისუფლებამ თანმიმდევრულად იმუშავა ვაქცინის მისაღებად და შედეგიც გვაქვს, ეს პოზიტიურ გავლენას მოახდენს საზოგადოების ჯანმრთელობასა და ეკონომიკის გახსნაზე
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მთავრობას უკვე დაუდასტურა ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებული ინფორმაცია და საქართველო თებერვალში მიიღებს „ფაიზერის“ ვაქცინას, რომელიც აკრედიტებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
არჩილ თალაკვაძის თქმით, პირველ რიგში მოხდება იმ ადამიანთა ვაქცინაცია, რომლებიც „კოვიდ-19“-თან ბრძოლის წინა ხაზზე არიან და მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ.
„ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სულ მცირე 60% აიცრას – ეს დაგვიცავს მომავალში ვირუსის ფართო გავრცელებისგან. ვაქცინაცია პირდაპირ კავშირშია ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ცხოვრების დაბრუნებასთან, შეზღუდვების მოხსნასთან. ხელისუფლებამ ძალიან თანმიმდევრულად იმუშავა ვაქცინის მისაღებად და შედეგიც გვაქვს – მე დარწმუნებული ვარ, ეს პოზიტიურ გავლენას მოახდენს საზოგადოების ჯანმრთელობაზე და ეკონომიკის გახსნაზე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.