არჩილ თალაკვაძე - კეზერაშვილის საჯარო განცხადებები პოლიტიკური კორუფციის ნიშნებს შეიცავს, ოპოზიციურმა პარტიებმა მკაფიო განმარტებები უნდა გააკეთონ, მათი დუმილი მეტ კითხვას აჩენს
არჩილ თალაკვაძე - კეზერაშვილის საჯარო განცხადებები პოლიტიკური კორუფციის ნიშნებს შეიცავს, ოპოზიციურმა პარტიებმა მკაფიო განმარტებები უნდა გააკეთონ, მათი დუმილი მეტ კითხვას აჩენს

დავით კეზერაშვილის საჯარო განცხადებები პირდაპირ შეიცავს პოლიტიკური კორუფციის ნიშნებს, რადგან მან თქვა, რომ ოპოზიციას და, შესაძლოა, მედიას მხარს უჭერს სხვადასხვა ფორმით, რაც ოპოზიციურ პარტიებს დეკლარირებული არ აქვთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციურმა პარტიებმა განმარტებები უნდა გააკეთონ.

„ოპოზიციურმა პარტიებმა მკაფიო განმარტებები უნდა გააკეთონ, რაც ჯერ არ მოგვისმენია. მათი დუმილი უფრო მეტ კითხვას აჩენს. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მხრიდანაც გაკეთდა ფინანსებზე განცხადება, როცა მელია-ხაბეიშვილის საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა. მაშინაც წამოაძახეს ერთმანეთს კეზერაშვილის დაფინანსების შესახებ. ეს განცხადებები პირდაპირ შეიცავს პოლიტიკური კორუფციის ნიშნებს, რასაც ოპოზიციამ პასუხი უნდა გასცეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა: „ცოტა ადამიანია, ვინც ეხმარება პროდასავლურ ფლანგს. მე ვარ ერთ-ერთი და ვაპირებ, გავაგრძელო ბრძოლა ბოლომდე. არიან სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტები, სამოქალაქო საზოგადოების სუბიექტებიც, რომლებსაც ხშირად სჭირდებათ დახმარება, ასეთი სურვილი თუ არსებობს იქითა მხრიდან, თავს ვალდებულად ვთვლი, რომ ეს გავაკეთო. პრინციპი არის ორი: უნდა იყოს აუცილებლად პროდასავლური, მეორე – უნდა იყოს სურვილი იქითა მხრიდან, რადგან მე არ დავდივარ და არ ვეძებ ადამიანებს, პარტნიორებს საქართველოში, ვისაც ვეხვეწები, რომ მოდით, მინდა, რაღაცით მოგეხმაროთ“.