არჩილ თალაკვაძე - კედელი, რომელიც რუსეთს საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ აქვს აღმართული ჩვენს ტერიტორიაზე, აუცილებლად დაიშლება
ექიმის დაპატიმრება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ადამიანებისა და ადამიანური ღირებულებების მიმართ რუსეთის ფედერაციისა და საოკუპაციო რეჟიმის დამოკიდებულება არის სრულიდ მიუღებელი და სრულიდ ეწინააღმდეგება დღევანდელ მსოფლიოს და ელემენტარულ ჰუმანურ პრინციპებს, რომლითაც დღევანდელი მსოფლიო ხელმძღვანელობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მთელი საზოგადოება ერთიან პოზიციაზე იმყოფება ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით.
„ეს პატიმრობაც დასრულდება. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ კედელი, რომელიც დროის და საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ აქვს აღმართული რუსეთის ფედერაციას ჩვენს ტერიტორიაზე, აუცილებლად დაიშლება. ამას სჭირდება სტრატეგიული მოთმინება, ამას სჭირდება სწორი კარგად გათვლილი პრაგმატული პოლიტიკა და რაც მთავარია, ეფექტური საშინაო პოლიტიკა, როდესაც პოლიტიკური ძალები კამათობენ მხოლოდ იმაზე, თუ უკეთესად როგორ განვავითარით ეკონომიკა და განათლება და არ კამათობენ, იმაზე, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ქვეყნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. ხელისუფლების პოზიცია არის ეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად.
„დღემდე ვაკეთებთ ყველაფერს, რომ გათავისუფლდეს. გვესმის ყველას, რომ რუსეთის ფედერაცია და საოკუპაციო რეჟიმი ცდილობენ, რომ ამაში გადაგვახდევინონ მეტი ფასი, რაც უფრო მეტ პრინციპულობას ხედავენ ჩვენი მხრიდან, რაც უფრო მეტ ევროპელობას ხედავენ ჩვენი მხრიდან და მეტ სტრატეგიულ ურთიერთობებს ხედავენ ნატო-სთან და აშშ-სთან, რა თქმა უნდა, რუსეთის და საოკუპაციო რეჟიმის რეაქციები არის უფრო მკვეთრი, მაგრამ ჩვენ ამაზე მხოლოდ მშვიდი და პრაგმატული რეაქციები გვექნება, საქართველო უკან არ დაიხევს თავისი ეროვნული ინტერესების ხარჯზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მან კომენტარი გააკეთა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს წევრის, „ქართული ოცნებიდან“, ერეკლე კუხიანიძის ფეისბუქპოსტზე.
„ნებისმიერი პოზიცია, რომელიც არის ამისგან განსხვავებული, რა თქმა უნდა, ვერ იქნება ჩვენი ხელისუფლების პოზიცია. ჩვენი ხელისუფლების პოზიცია არის რომ ვაჟა გაფრინდაშვილი იმყოფება უკანონო პატიმრობაში და ის უნდა გათავისუფლდეს, ეს არის მიუღებელი რაც მის მიმართ ხორციელდება“, – აცხადებს თალაკვაძე.
თბილისის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ერეკლე კუხიანიძე საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს პროვოკაციაში ადანაშაულებს.