არჩილ თალაკვაძე - რადიკალური ოპოზიცია ამოეფარა ახალგაზრდებს, ისინი თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენეს, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, სინამდვილეში ვინ იყვნენ ძალადობის წამხალისებლები
კანონი პირდაპირ ამბობს, რა ხდება მაშინ, როდესაც რომელიმე მოქალაქე გადის მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებიდან. ამის გამართლება წარმოუდგენელია ისე, როგორც ამას აკეთებს რადიკალური ოპოზიცია და დამაზიანებელია სახელმწიფოსთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძეს კითხვა დაუსვეს რუსთაველის გამზირზე 7, 8, 9 მარტს გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით.
არჩილ თალაკვაძის თქმით, რადიკალურმა ოპოზიციამ ახალგაზრდები პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა.
„ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია და მათთან დაკავშირებული მედია ცდილობს, დააჯეროს საზოგადოება, თითქოს ადამიანებისთვის ბენზინის გადასხმა, ცეცხლის მოკიდება, მოქალაქეების გადასახადებით ნაყიდი ავტომობილების დაწვა, პარლამენტში ხანძრის გაჩენა შეიძლება, გამართლებული იყოს რომელიმე ადამიანის ბიოგრაფიაზე, გარეგნობაზე მსჯელობით. აბსოლუტურად დამაზიანებელ, დემოკრატიისთვის, თავისუფალი საზოგადოებისთვის მიუღებელ ჭრილში გადააქვთ ეს საკითხი. სინამდვილეში, კანონი არ იცნობს ასეთ ცნებებს, რომ ვინმე იმის მიხედვით გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისგან ან მიეცეს პასუხისმგებლობაში, თუ რა მუსიკას უსმენს, რა გემოვნება აქვს, ვინ არიან მისი მეგობრები. ეს წარმოუდგენელია, კანონის მახინჯი გაგებაა. რეალურად, რადიკალური ოპოზიცია, რომელიც, მაღალი ალბათობით, აქციების უკანა რიგში იდგა, ამოეფარა ახალგაზრდებს, ახალგაზრდები თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენეს. ცდილობდნენ მათ გამოყენებას, შემდეგ დაიმალნენ და როცა პროტესტმა კულმინაციას მიაღწია, რადიკალური ოპოზიციის არცერთი ლიდერი იქ არ იყო. მათ, პრაქტიკულად, დატოვეს ეს ახალგაზრდები და გამოსაკვლევია, გასარკვევია, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, სინამდვილეში ვინ იყვნენ ამ ძალადობის წამხალისებლები. არა მხოლოდ ისინი, ვინც ჩაიდინეს, არამედ ისინიც უნდა გამოჩნდნენ და მათაც უნდა აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ვინც ეს ყველაფერი წაახალისა. არსებობს კანონი და კანონი პირდაპირ ამბობს, რა ხდება მაშინ, როდესაც რომელიმე მოქალაქე გადის მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებიდან. ამის გამართლება წარმოუდგენელია ისე, როგორც ამას აკეთებს რადიკალური ოპოზიცია და მის მიერ კონტროლირებადი მედია. დამაზიანებელია იმ პრინციპებისა და სახელმწიფოსთვის, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ და რომელსაც ჰქვია ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფო“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე 7, 8, 9 მარტს გამართულ გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისმა საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა, რის შედეგად, დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. გამოძიების ცნობითვე, ბრალდებულმა ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.