არჩილ თალაკვაძე - იოტისოდენადაც არ მჯერა, რომ ხელისუფლებას პატრიარქის გადაყენება უნდა
მე იოტისოდენადაც არ მჯერა, რომ ხელისუფლებას პატრიარქის გადაყენება უნდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, მისთვის ტერმინი პატრიარქის გადაყენება აბსოლუტურად გაუგებარია.
„თუ ვინმეს არ მოსწონს, რას ამბობს ერთი მოძღვარი, ყოველთვის შეუძლია, მივიდეს სხვა მოძღვართან. ჩვენ გვაქვს თავისუფალი ქვეყანა, კულტურული საზოგადოება, ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობები არის კანონმდებლობით დარეგულირებული. ისტორიულად მართლმადიდებლურ ეკლესიას ძალიან დიდი როლი და მისია აქვს ჩვენი ქვეყნის სიმტკიცის მთლიანობის და განვითარების პროცესში, ეს როლი ვერ დაკნინდება ვერც დღეს და ეს როლი იქნება მნიშვნელოვანი ხვალაც. რაც შეეხება დანარჩენ საუბრებს, ჩვენ გვაქვს კულტურული საზოგადოება და არ მგონია, რომ ამან რაიმე დიდი გავლენა მოახდინოს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მეუფე იაკობი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსობიდან დღეს გადადგა. როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, დღეს სპეციალურად მივიდა საპატრიარქოში, რადგან პატრიარქისთვის თავისი გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებინა. ამასთან, მეუფე იაკობი ქორეპისკოპოსობის გარდა, საფინანსო-ეკონომიური საბჭოს თავმჯდომარეობიდანაც გადადგა.
შეგახსენებთ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ მას პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით „ეჩალიჩებოდნენ“. ამ საკითხზე საუბრისას მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ შეხვედრა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა, რომელსაც, მისივე თქმით, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია ესწრებოდნენ. აღნიშნული განცხადება დღეს მან კიდევ ერთხელ დაადასტურა.